აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მუშაობას აჯამებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
განცხადებაში შაჰინმა მოქმედი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ ისაუბრა და ის ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაავრცელა. მან მოქმედ პრეზიდენტს მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
"ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ჭეშმარიტი ლიდერობა მოითხოვს პრინციპულ ხედვას, დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულებასა და მზარდი ავტორიტარიზმისგან დემოკრატიის დაცვის მტკიცე გადაწყვეტილებას. პრეზიდენტმა ბაიდენმა განასახიერა ეს იდეალები, რადგან ის მუშაობდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამართლიანობის, ჭეშმარიტებისა და ადამიანური ღირსების ამერიკული ღირებულებები ჟღერდეს მთელ მსოფლიოში.
ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ამერიკამ გააფართოვა და გააძლიერა NATO-ს მსგავსი ალიანსები და გააერთიანა გლობალური კოალიცია, რომელიც პრეზიდენტ პუტინის უკანონო და არაპროვოცირებული ომის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა ჩვენი ერის წინაშე - დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა; ჩვენს მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება, როდესაც ისინი ჩვენს თავისუფლებას საფრთხეს უქმნიან; საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ავტორიტარული მმართველობის ქვეშ მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა", - წერია განცხადებაში.