ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საპროტესტო აქციების დროს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ თავდასხმას გმობს.
RSF თავდასხმის ფაქტებს სისტემატურსა და შოკისმომგვრელს უწოდებს. ორგანიზაცია ევროკავშირს მოუწოდებს, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ზომები მიიღოს.
"რეპორტიორები საზღვრების გარეშე" ამბობენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, საპროტესტო აქციების გაშუქებისას მედიის 70-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. ორგანიზაციის თქმით, ჟურნალისტები პოლიციელების სამიზნეებად იქცნენ. გარდა ამისა, RSF-ში ხაზს უსვამენ იმას, რომ "ქართული ოცნების" პრორუსმა დეპუტატებმა დაჩქარებული წესით მიიღეს დრაკონული კანონები, რომლებიც რეპრესიებს ამძაფრებენ.
"ქართული ოცნება" ნამდვილი კოშმარია დემოკრატიისა და მედიისთვის, რომელიც თავისუფლების დათრგუნვის მიზნით პარტიის ქმედებებს ამხელს. პოლიციის სრული დაუსჯელობა და ახალი კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის სანდო ინფორმაციის უფლებას. ევროინტეგრაციის საკითხის გარდა, ეს მოვლენები განასახიერებს ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის რუსული გავლენისგან.
RSF სასწრაფოდ ითხოვს ევროკავშირისგან გადამწყვეტ მოქმედებას და საერთაშორისო გამოძიებას ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ, რათა პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ", - თქვა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის RSF-ის ოფისის ხელმძღვანელმა, ჟანა კაველიემ.
ორგანიზაციას თავის განცხადებაში ჟურნალისტებზე თავდასხმის რამდენიმე მაგალითიც მოჰყავს, აღნიშნავს, რომ საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლის მანქანები, ხოლო რამდენიმე ჟურნალისტმა ისეთი სახის დაზიანებები მიიღო, რომ ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდათ და მათი ნაწილი სამსახურში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
გარდა ამისა, RSF ამბობს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ძალადობის ფაქტებზე ძალადობის დაწყების შესახებ განაცხადა, თუმცა "მისი ქრონიკული არაეფექტურობა იმედს არ ტოვებს იმისა, რომ შედეგი დადგება".
ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" დრაკონული კანონები პრობლემებს უქმნიან ჟურნალისტებსაც, რომლებიც აქციების გაშუქებისას, ცრემლმდენი გაზისგან თავის დაცვის მიზნით იყენებენ პირბადეებს.
RSF კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ 2024 წელს, მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველო 103-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის.