ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ასამბლეის თანამომხსენებლები დღეს პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს მართავენ. ისინი უკვე შეხვდნენ "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.
როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებაზე.
"საუბარი იყო იმაზე როგორ განვითარდა მოვლენები არჩევნების შემდეგ, მათ შორის, რა ზომებს მიმართავს დე ფაქტო ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. საუბარი იყო წამების ფაქტებზე, საუბარი იყო იმაზე, თუ რამდენად უმოქმედო არის პოლიცია და ამის კადრები არსებობს, როცა ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ვიღაც დაორგანიზებული ტიტუშკები და პოლიცია სრულიად უმოქმედო იყო. საუბარი იყო იმაზე, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი, არც პოლიციელი და არც ტიტუშკა დასჯილი არ არის. ავუხსენით, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ეს ხალხი არ გაიმარჯვებს, ეს ხალხი, რომელიც ყოველდღე გამოდის რუსთაველზე.
საბოლოო ჯამში გამოსავალი და ფინალი მხოლოდ ერთია - ავუხსენით, რომ მხოლოდ ორი პუნქტია და ვუთხარი, რომ ჩემს მერე მოვლენ სხვა პოლიტიკური ჯგუფები და შემიძლია თავი დავდო, რომ ყველასგან იგივეს მოისმენენ: რომ ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება, ახალი წესებით და ახალი ადმინისტრაციით. ესენი არიან მომხსენებლები, ჩამოდიან, სწავლობენ სიტუაციას ადამიანის უფლებების კუთხით, ელაპარაკებიან ყველას, შემდეგ ყველაფერს აჯამებენ და ამზადებენ ანგარიშს. ეს ანგარიშები შემდეგ გამოიყენება გადაწყვეტილებების მიმღები პირების მიერ, რომ მიიღონ რაღაც გადაწყვეტილებები", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.