"შერატონის" ადმინისტრაციამ "მთავარ არხს" დაუდასტურა, რომ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის სრული ჩანაწერი არსებობს და იურისტებთან კონსულტაციის დასრულებისთანავე, ის სრულად გადაეცემა გიორგი გახარიას.
სასტუმროს ადმინისტრაციის განმარტებით, ჩანაწერები არსებობს ზვიად ქორიძის ინციდენტზეც და ეს ჩანაწერებიც მას გადაეცემა.
"შერატონის" მენეჯერი, მეგი ჟღენტი ამბობს, რომ ჩანაწერები აქვს უკვე გამოძიებასაც.
"ჩვენ მივიღეთ განაცხადი, როგორც ბატონი გიორგი გახარიას სახელზე, ასევე ბატონი ზვიად ქორიძის სახელზე. პირადად გადმოგვცა ადვოკატმა ჩვენ წვდომა. შესაბამისად ჩვენ ჩავრთეთ ჩვენი იურისტები, რომლებიც ამჟამად მუშაობენ ამ საკითხზე. ჩვენ მათგან ველოდებით პასუხს, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში. გუშინ, საღამოს გადაცემული იქნა კადრები შესაბამისი საგამოძიებო ორგანოებისთვის, სასამართლო განჩინების საფუძველზე. კადრები რა თქმა უნდა ასახავს სრულად მომხდარს", - განაცხადა "შერატონ" ბათუმის მენეჯერმა, მეგი ჟღენტმა.
ცნობილია, რომ გამოძიებამ გიორგი გახარიას ტანსაცმელი ამოიღეს.
დღეს, პარტია "საქართველოსთის" ერთ-ერთმა წევრმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პარტია სასტუმრო "შერატონისგან" მათთვის თავდასხმის კადრების გადაცემას ოფიციალურად ითხოვს. როგორც სიჭინავამ აღნიშნა, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო "შერატონის" ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა.