ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უერთდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის სათანადო კვალიფიკაციით გამოძიებისა და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისათვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე.
საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა მზია ამაღლობელი და არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მისი გამოკითხვის პროცესს დაესწრო.
ქურდოვანიძის ცნობით, დგებუაძემ პოლიციის განყოფილებაში მზია ამაღლობელს შეაფურთხა და რამდენჯერმე შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა.
საია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით. ასევე ითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.