“თავისუფლება მზიას” - მედიის წარმომადგენლებმა ქუთაისში მორიგი აქცია გამართეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას საფუძველი არ ჰქონდა და ეს რეალურად არა მოსამართლის, არამედ რეჟიმის გადაწყვეტილებაა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას ედავებიან და ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი).
მზია ამაღლობელს 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.