საბერძნეთში მცხოვრები "კანონიერი ქურდი" საქართველოში შეცვლილი სახელით შემოვიდა | ფიზიკური დაპირისპირება თბილისში და მკვლელობის მუქარა

გამოქვეყნდა:

ე.წ. კანონიერი ქურდი კახა ჯანგველაძე, რომელიც საბერძნეთში წლებია ცხოვრობს და საქართველოში შემოსვლა ეკრძალება, გაირკვა რომ ქვეყანაში  უპრობლემოდ, გადაკეთებული, სერაფიმ ჯანგველაძის სახელით შემოდის, თბილისში საქმეებს ალაგებს და სავარაუდოდ ე.წ. ატკატების მიღებით არის დაკავებული. მეტიც, კრიმინალურ გარჩევებშია ჩართული და მოქალაქეებზე თავდასხმასა და მუქარასაც არ ერიდება. 

მოქალაქე შორენა ლობჟანიძის  - 26 დეკემბერს გადახდენილი ისტორია ამის უტყუარი დასტურია. ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც ლობჟანიძის სახლის წინ 30 წლამდე ახალგაზრდას ფიზიკურად  უსწორდებოდა, შორენა ლობჟანიძე კი სიტუაციის დაწყნარებას ცდილობდა, ახალგაზრდა ქალს თავს დაესხა და ცივი იარაღით მოკვლით ემუქრებოდა. ყველაფერი ამით არ დასრულებულა და ჯანგველაძემ რამდენიმე საათში შორენა ლობჟანისძისთვის მუქარის შეტყობინებების გაგზავნა დაიწყო. ამ თავდასხმისა და მუქარის შესახებ იცის პოლიციამ, თუმცა საქმეს რეაგირების გარეშე ტოვებს. 

"ჩემი შვილი შემოვარდა და მითხრა, დედიკო , გარეთ ვიღაცას კლავენ და სასწრაფოდ უშველე…" -ამბავი, რომელსაც შორენა ლობჟანიძე გვიყვება, 26 დეკემბერს, საბურთალოზე,  გვიან ღამით მოხდა. ქალის  მონათხრობით, სასტიკად ნაცემი ახალგაზრდის დასახმარებლად გამოსული, თავდამსხმელების პირისპირ აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც მისმა უბნელმა კაცმა თავდამსხმელები ადგილს განარიდა, უგონოდ მყოფი ბიჭის დასახმარებლად, შორენა ლობჟანიძემ 112-ში დარეკვა გადაწყვიტა, თუმცა, მისი მონაყოლით , სწორედ ამ დროს კიდევ ერთი თავდამსხმელი გამოჩნდა. შეიარაღებული კაცის პირისპირ ამჯერად მარტო დარჩენილმა, მოძალადის განიარაღება ძირს დაგდებული მილით მოახერხა.

26 დეკემბრის ღამით მომხდარი თავდასხმის თვითმხილველი შორენა ლობჟანიძის გარდა, სხვა მეზობლებიც არიან.

სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა კაცი , იმ კომპანიის დაქირავებული თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით,  ნუცუბიძეზე ორი კორპუსის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციას ახდენს.

შორენა ლობჟანიძე გვიყვება, რომ საპატრულო პოლიცია ადგილზე ინციდენტის შემდეგ მივიდა, ოქმი შეავსო და წავიდა. ამის შემდეგ იწყება ამბის მეორე ნაწილი. ქალის მტკიცებით,  შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი მესიჯები მიიღო, რომლის ავტორი ფოტოთი მარტივად ამოიცნო და პოლიციაში დარეკა.

ლობჟანიძე გვიყვება, რომ პოლიციას დეტალურად უამბო იმ ადამიანის შესახებ, ვინც  ემუქრებოდა და  დანით მისი სიცოცხლის მოსპობას ცდილობდა, თუმცა შსს- ს რეაგირება დღემდე არ მოუხდენია. სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება თავად მოახერხა და აღმოაჩინა, რომ ის ათენში მცხოვრები ე.წ კანონიერი ქურდია.  

შორენა ლობჟანიძის მონაყოლით, პოლიციაში მისულს უთხრეს, რომ მერია და კომპანია მომხდართან დაკავშირებით არ ჩივიან, თუმცა სატელეფონო საუბარში ის პირი, ვინც ნაცემი კაცი საავადმყოფოში მიიყვანა, ამბობს რომ გამოძიება მას არ დაკავშირებია. მომხდარის გადამოწმება გამომძიებელთან ვცადეთ, თუმცა მან ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა.

კორპუსთან ახლოს რამდენიმე მაღაზიაა, რომელთა სათვალთვალო კამერები დიდი ალბათობით ინციდენტში მონაწილე პირებს დააფიქსირებდა, თუმცა უცნობია, ამოიღო თუ არა შსს-მ ეს კადრები.

კითხვებს აჩენს, რატომ არ ახდენს სავარაუდო თავდამსხმელის იდენტიფიცირებას შსს და რატომ არ იძიებს საქმეს შესაბამისად? შორენა ლობჟანიძე ეჭვობს, რომ საქმის ჩაფარცხვაში თბილისის მერია მონაწილეობს, რადგან მისი ვარაუდით, საქმე შესაძლოა, ,,ატკატებს” და იქიდან მიღებულ სარგებელს ეხებოდეს. ის სწორედ ამას უკავშირებს კახა ჯანგველაძის საქართველოში ყოფნასაც . ყველაფრიდან გამომდინარე არც გამოძიების იმედი აქვს, რადგან იცის რომ თუ ე.წ  კანონიერი ქურდი ქვეყანაში შემოუშვეს, ე.ი.  მისი ყოფნა ყველა დონეზე შეთანხმებული იქნებოდა. 

კორუფციის მკვლევარებისთვის საეჭვოა იმ კომპანიის საქმიანობაც, რომელიც მერიის დაკვეთით ხიდის რეაბილიტაციას ახდენს.

შორენა ლობჟანიძეს ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვს, თუმცა აპირებს რომ მომავალ კვირას პროკურატურას მიმართოს და საგამოძიებო უწყებას ყველა მტკიცებულება გადასცეს. 

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი