"მეგობარი ციხეში, მე ციხესთან - სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" - ბანერს ამ წარწერით ზაჰესის იზოლატორთან გზიდანაც მარტივად დაინახავთ და თუ რამდენიმე წუთით შეჩერდებით 34 წლის დავით სიმონიას გაიცნობთ, რომელიც მე-6 დღეა ქუჩაში, ტროტუარზე დგას და რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ მეგობარს ელოდება.
"ბრაზი მეტია ვიდრე ქარი და სიცივე და მადლობა არალეგიტიმურ მთავრობას ამ ტონუსში რომ გვამყოფებენ" - ამბობს ის.
დათო სიმონიას მეგობარი ზვიად რობაქიძე 12 იანვარს რესტორან „ბაბილოსთან“ იმყოფებოდა. ამ დროს ბელიაშვილის ქუჩაზე ციხეში უკანონოდ გაშვებული პატიმრების მშობლები აქციას მართავდნენ. რესტორანში კი ივანიშვილის მორჩილი მოსამართლეები ღრეობდნენ. ეს ის დღეა, სუფრასთან მოსახვედრად მოსამართლეები ბანერში რომ ძვრებოდნენ და რესტორანში ლამის დაჩოქილები შედიოდნენ.
"ზვიადი დააკავეს ბაბილოს გვერდით. პოლიციელი ჩანს დაავლებს ხელს და მოიტაცებს.... წვრილმანი ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებიან. ვინც ზვიადს იცნობს სასაცილოდ არ ჰყოფნის".
რეჟიმის ირონიაა, რომ ზვიად რობაქიძე დააკავეს მაშინ, როდესაც ივანიშვილის მოსამართლეების დროსტარებას აპროტესტებდა. დაკავების შემდეგ კი გაასამართლა ზუსტად იმ მოსამართლემ, რომელიც ამ დღეს თავადაც რესტორანში ქეიფობდა. ყოფილი რუსულის პედაგოგი, უვადო მოსამართლე და თან სანქცირებული ლელა მილდენბერგერი ერთ-ერთია, ვინც „ბაბილოში“ ფორთხვით შევიდა.
"როცა გავიგე რომ დაიჭირეს მივხვდი რომ ცხოვრებას ჩვეულებრივ ფორმატში ვეღარ გავაგრძელებდი...22-მდე ვაპირებ აქ ყოფნას, სანამ ზვიადი არ გამოვა" - ამბობს სიმონია.
34 წლის გრაფიკულ დიზაინერს ზაჰესის იზოლატორთან არაერთი სტუმარი ჰყავს. რუსთაველის გამზირზე აქციის შემდეგ ადამიანები მასთან მოდიან და მხარდაჭერას უცხადებენ. დათოც სტუმრებს საინტერესო ამბებს უყვება იმ საქართველოზე მეგობართან ერთად რომ მოიარა და იმ ევროპულ მომავალზე, სამშობლოზე ფიქრისას რომ წარმოუდგენიათ. იზოლატორთან მამის სანახავად ხშირად მოჰყავთ დათოს 2 წლის შვილიც.
ძმის პროტესტს შეუერთდა სალომე სიმონიაც და 24 საათი ისიც იზოლატორთან იმყოფება.
როდესაც იზოლატორთან ინტერვიუს ვწერდით, აქ დაკავებული ზვიად რობაქიძის კოლეგები მოვიდნენ. მათ მეგობართან საკვებისა და მარია რესას წიგნის „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ შეგზავნა სურდათ. ეს ის წიგნია, რომელიც საკუთარ პროცესზე რეჟიმის კიდევ ერთ ტყვეს „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ეჭირა ხელში. რეჟიმმა ზვიად რობაქიძის მეგობრებს იზოლატორში წიგნის შეგზავნის უფლება არ მისცა. ცენზურის ეს ფორმა არავის გაკვირვებია.
გუშინ დათო სიმონიას უცნობმა მასწავლებელმა ქართველი მწერლის „როძინა ანუ ჯაშუშობა ბოლო ჟამისა“ აჩუქა.
ნოემბრიდან ქვეყანაში „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. აქციებში გატარებული ყველა დღე მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ქართული საზოგადოება თვითმყოფად ძალად ჩამოყალიბდა, სადაც ინდივიდუალური პროტესტი სამოქალაქო გმირობის მაგალითად გადაიქცა. ასე იწერება ისტორია, წლების შემდეგ კი ყველას გაახსენდება ვინ, როგორ და რა ფორმით ვიყავით ჩართული ამ ბრძოლაში.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე