გუშინ, თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 ადამიანიდან 4 - მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი და მარიამ გილაშვილი გაათავისუფლეს.
"მეგობრებო, გოგოები გარეთ ვართ. ყველაფერი კარგადაა, არაფერია სანერვიულო! ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის! ბიჭები, სამწუხაროდ, დატოვეს. მერე კიდევ ცალკეც დავუწერ უდიდეს მადლობას რომან აკოფოვს, რომელიც ჩემს დახსნას ცდილობდა, როცა დააკავეს. საბოლოოდ კი, არავინ ვართ თავისუფლები, სანამ რეჟიმის ტყვეები ციხეში არიან. ვაგრძელებთ ბრძოლას! ცეცხლი ოლიგარქიას!", - წერს ერთ-ერთი გათავისუფლებული, მარიამ პაიჭაძე სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება კიდევ 2 დაკავებულს - გურამ მაცხონაშვილს და რომან აკოფოვს, მათ პატიმრობის ვადა 48 საათამდე გაუხანგრძლივეს, ისინი ამ დრომდე იზოლატორში რჩებიან და მათი სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
დაკავებულებს ნიღბის ტარებას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ადვოკატები "მთავარ არხთან" დეტალურად ჰყვებიან როგორ იძალადეს აქტივისტებზე. ექვსივე დაკავებულს უფლებადამცველები და ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.