რუსული დივერსიების საფრთხე | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ამბობს, რომ დეტალებს არ დააზუსტებს, მაგრამ ადასტურებს "საფრთხის რეალურობას. რუსეთი გეგმავს საჰაერო ტერორისტულ აქტებს არა მხოლოდ პოლონეთის წინააღმდეგ, არამედ მსოფლიო მასშტაბით". დონალდ ტუსკის გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი თავისი მოქალაქეების უმიზეზოდ დაშინებას მოერიდებოდა. შემოდგომაზე პოლონეთის გენერალურმა პროკურორმა გაავრცელა განცხადება 4 უცხოელის დაკავებისა და ორზე ძებნის გამოცხადების შესახებ.

"ჯგუფი საკურიერო კომპანიების დახმარებით ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში გზავნიდა ამანათებს, რომლებიც შეიცავდა დამალულ ასაფეთქებელ და საშიშ მასალებს. ამ მასალებს ახასიათებთ უეცარი აალება ხმელეთზე ან ჰაერით ტრანსპორტირებისას. ჯგუფის მიზანი იყო, შეემოწმებინა ამანათების გაგზავნის მარშრუტები შეერთებულ შტატებსა და კანადაში", - ამბობდნენ პოლონეთის პროკურატურაში.

გაირკვა, რომ დაკავებულები ლიეტუვიდან და პოლონეთიდან გზავნიდნენ გასაბერ ლეიბებს, მასაჟორებსა და სექსუალურ სათამაშოებს, რომლებშიც ათავსებდნენ მაგნეზიის ფხვნილს.

მაგნეზია რბილი ლითონია, რომელიც ბურბუშელას ან ფირფიტების სახით ღიად იყიდება. მას ტურისტები, ალპინისტები, მონადირეები, სამხედროები ბუნებაში ცეცხლის დასანთებად იყენებენ. ძალიან სწრაფად იწვის და წყლის დასხმით მხოლოდ ძლიერდება. სხვადასხვა ქვეყნის გამომძიებლები ამ საფრთხის აღმოჩენის შემდეგ თანხმდებიან, რომ ჰაერში თვითმფრინავის ბორტზე ასეთი აალება უეჭველ კატასტროფას გამოიწვევს.

დღემდე პოლონეთში დაპატიმრებულია რუსეთის ორ ათეულამდე დივერსანტი. მათ შორის არიან ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეებიც კი. სხვა დივერსანტებს დაავალეს, წაეკიდებინათ ცეცხლი საწყობისთვის ვარშავაში, სამშენებლო ცენტრისთვის გდანსკში და რატომღაც რესტორნისთვის გდინიაში. როგორც გამოძიება აჩვენებს, ობიექტები დაკავშირებულია უკრაინის მომარაგების ინფრასტრუქტურასთან, რაც გრუ-ს მთავარი სამიზნეა. კურატორები დივერსანტებს რუსული სოციალური ქსელით, ტელეგრამით უკავშირდებიან. ობიექტის მნიშვნელობის მიხედვით, მისი განადგურებისთვის 2-დან 15 ათას ევრომდე იხდიან. დიდი ქსელის კოორდინაცია ხდება პოლონეთში მომუშავე რუსი დიპლომატების მიერ. ამის პასუხად, რადოსლავ სიკორსკიმ დახურა რუსეთის საკონსულო პოზნანში, ვარშავაში საელჩოს თანამშრომლებს კი ქალაქიდან შორს გადაადგილება აუკრძალა.

უფრო მეტი დეტალი ნახეთ თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი