"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ყაველაშვილის მიერ, 19 იანვარს 613 მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ დახურული, გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად, თანამდებობის დაკავებიდან მოკლე დროში, მასშტაბური რაოდენობით მსჯავრდებულების შეწყალება აჩენს განცდას, რომ ეს უფლებამოსილება ყაველაშვილმა თვითნებურად, ვიწრო-პარტიული ინტერესებით გამოიყენა.
ორგანიზაცია წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და მას კანონმდებლობა არ ავალდებულებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს დასაბუთებული, ან წინასწარი კომისიის მიერ ხდებოდეს კანდიდატების საქმეების განხილვა/შეფასება, შეწყალების აქტი უნდა პასუხობდეს ბაზისურ პრინციპებს და საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა სამუშაო პროცესითა და ვისი ჩართულობით მოხდა შესაწყალებელი პირების საქმეების განხილვა და რაც მთავარია, საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები არიან შეწყალებული.
SJC აღნიშნავს, რომ ამ რაოდენობის მსჯავრდებულის შეწყალება არათუ ერთჯერადად, სრული წლის განმავლობაშიც კი ბოლო წლებში არ მომხდარა. გამონაკლისი მხოლოდ 2013 წელი იყო, როცა 857 პირის შეწყალების თაობაზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული:
"ნიშანდობლივია ისიც, რომ შეწყალების აქტი დროში თან სდევს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომლის შედეგებზე მანიპულირების მიზნითაც, სხვადასხვა უკანონო ხერხებთან ერთად, ხელისუფლება აქტიურად იყენებდა სამართლებრივ ინსტრუმენტებსაც. მიხეილ ყაველაშვილის მიერ 19 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებაც ამ გზის გაგრძელებაა და აჩენს ეჭვებს, რომ ეს არის ერთგვარი საფასური არჩევნებზე კრიმინალური თუ ძალადობრივი ჯგუფების მიერ პრო-სახელისუფლებო მოქმედებებისთვის." ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია წერს, რომ კიდევ უფრო რელევანტურია კითხვა, თანამდებობის დაკავებიდან არასრულ 1 თვეში, როგორ მოახერხა ყაველაშვილმა ამ რაოდენობის საქმეების სრულყოფილად და დეტალურად გამოკვლევა თანაც ისე, რომ ამ დრომდე საზოგადოებისთვის უცნობია, შეიქმნა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია აღნიშნული საკითხების შესწავლის მიზნით.
"გაუმჭვირვალე და დახურული პროცედურით შეწყალების უფლებამოსილების მასშტაბური გამოყენება, ისე, რომ ამ დრომდე საზოგადოებამ არ იცის, რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს შეეხოთ საშეღავათო პირობები, აძლიერებს განცდას, რომ აღნიშნული მექანიზმი გამოყენებულია ვიწრო-პარტიული ინტერესებით და თვითნებურად. შეწყალების ამგვარი პრაქტიკა ემსახურება არა საჯარო ინტერესებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, არამედ წარმოადგენს პოლიტიკურ თვითნებობას და არის არსებული რეპრესიული/სადამსჯელო სისხლის სამართლის სისტემის პარტიული ინსტრუმენტალიზების მკაფიო მაგალითი." აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.