საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი, მიხეილ ვალაშვილი ამბობს, რომ პროტესტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
როგორც ვალაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 10 იანვარს აცნობეს და ოფიციალურ მიზეზად ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დაასახელეს.
ვალაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას აპირებს:
"ამ პოსტს მოგვიანებით ვწერ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს მიერ გაგზავნილ განცხადებაზე უწყებისგან გონივრულ პასუხს ველოდი, თუმცა არაფერი ახალი და განსხვავებული არ უთქვამთ.
მოკლედ, 10 იანვარს, უქმე დღეს, არა სამუშაო საათებში, საღამოს 19:34-ზე, განხორციელებული ზარით მეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, აღარ სურს ჩემთან თანამშრომლობა და მიწყდება ხელშეკრულება. მიზეზად კი, ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დამისახელეს (თავიანთი გაპარული/დაშვებული შეცდომის ლოგიკით), თორემ ხელშეკრულება რეალურად უვადოდ მოქმედებდა. რა თქმა უნდა, მიზეზი ჩემთვის ცხადია და ვფიქრობ, რომ სამსახურიდან გათავისუფლება, ჩემს პროტესტს უკავშირდება, ხელისუფლების მიერ კონსტიტუციისა და მისი დებულებების უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით.
მაგრამ, თავიანთი შეცდომითვე, 31 დეკემბრამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფონზეც კი, გადაწყვეტილება 10 დღის დაგვიანებით მაცნობეს მხოლოდ სატელეფონო ზარით.
რა თქმა უნდა, 13 იანვარს გამოვცხადდი სამსახურში ჩვეულად, რადგან გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ მიმიღია, მიზეზით - "ასეთ დროს ბრძანება უბრალოდ არ გამოდის", თუმცა ვერ განვახორციელე ჩემი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან არ მომეცა შესაძლებლობა შემესრულებინა სამუშაო და იძულებული გავხდი დამეტოვებინა სივრცე.საჯარო მოსამსახურეს, რომელსაც რამდენიმე თვით ადრე პოზიციურად აწინაურებენ, არ არსებობს არცერთი საჩივარი, გაფრთხილება, არცერთი შენიშვნა მის მიმართ და სამსახურიდან უშვებენ მიზეზით - „უბრალოდ არ სურს უწყებას თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელება“, არანაირ ლოგიკას ექვემდებარება და უკვე ნათელია ყველაფერი.
საჯარო სამსახურში ჩემი თითოეული დღე, იმ მოტივაციით ვიმუშავე, შემექმნა სახელმწიფო სტრუქტურისა და საზოგადოებისთვის სამართლიანი, თანასწორი, ევროპული და ხელმისაწვდომი სტანდარტი ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში. ამ ღირებულებებმა ჩამომაყალიბა სწორედ კარგ იურისტად. ამ ღირებულებების ერთგულია ყველა პროფესიონალი საჯარო მოხელე თუ მოსამსახურე, ვინც ამ „წმენდაში“ მოყვა და მოჰყვება ახლო პერიოდში.
უწყება, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იცავდეს არა პოლიტიკურ, არამედ პარტიულ ნეიტრალიტეტს, სამწუხაროა, რომ ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდა და პარტიული ნეიტრალიტეტის მქონე თანამშრომელი, რომელიც თავის სამართლიან პროტესტს გამოხატავს, სამსახურიდან გაუშვა.
უწყება, რომლის პროფილიც ცალსახად სამართლებრივია, სამწუხაროა, რომ დასაქმებულთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, არღვევს ყველაფერს, რისი დარღვევაც შეიძლება და ამ ყველაფერზე, ახლა და ამ სივრცეში არ შეგაწყენთ თავს. აუცილებლად მივმართავ შესაბამის სამართლებრივ ზომებს და თანდათანობით ყველაფერს გაიგებთ.
მადლიერი ვარ, რომ თითქმის 2 წელი, ჩემს ქვეყანას ვემსახურე. რა თქმა უნდა, კიდევ მოვემსახურები სულ მალე მეც და ყველა ღირსეული რეპრესირებული საჯარო მოხელე, რომლებიც ამ ქვეყნისთვის განვაგრძობთ ევროპული მომავლისა და სტანდარტის ურყევ ერთგულებასა და ქმნადობას.
ბოლოს კი იმ სიტყვებით დავასრულებ, რაც წამოსვლის წინ დავუტოვე ჩემს თანამშრომლებს საფიქრელად - აზრი არ აქვს ჩუმად იქნებით თუ არა, რადგან სისტემის მსუსხავი ხელი, ყოველთვის ყველგან მოგწვდებათ. ამიტომ იბრძოლეთ თქვენი ღირებულებებისთვის, იბრძოლეთ ხმამაღლა", - წერს მიხეილ ვალაშვილი.