სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მოინახულა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იოსელიანი გაეცნო ამაღლობელის მდგომარეობას და პირადად მოისმინა პოლიციის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ:
"21 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა # 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა, შეამოწმა მისი განთავსების პირობები და უფლებების დაცვის მდგომარეობა; ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისა და პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები. ისაუბრეს ასევე, ბრალდების საქმესა და გამოყენებულ პატიმრობაზე.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მზია ამაღლობელი დაკავების დღესვე - დროებითი მოთავსების იზოლატორში და შემდგომ პენიტენციურ დაწესებულებაშიც მოინახულეს.
მზია ამაღლობელს ეცნობა მის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, სასამართლოს მეგობრის მოსაზრების შესახებ, რომლითაც სახალხო დამცველმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
სახალხო დამცველს იმედი აქვს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოყვანილ გარემოებებს და იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში." ნათქვამია ინფორმაციაში.
მზია ამაღლობელი საპატიმროში 1 კვირაა შიმშილობს.