თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 100 და მეტი წლის თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის ჯილდო 1000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.
როგორც კალაძემ სხდომაზე აღნიშნა, გასულ წელს თანხა 57 ადამიანს ჩაერიცხა. მისივე თქმით, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა თანხის მისაღებად თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს 100 წელს მიღწეული ადამიანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული სამოქალაქო ბარათი
"გვქონდა ერთი ასეთი პროგრამა, როდესაც ადამიანს უსრულდებოდა 100 წელი, დედაქალაქის მერია მას გადასცემდა ჯილდოს 1000 ლარის სახით. ეს წლების განმავლობაში ასე იყო და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო 10-ჯერ გაიზრდება და 10 000 ლარი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც 100 წელს შეასრულებს და უფრო მეტს. გასულ წელს 57 ადამიანს ჩაერიცხა თანხა. აქედან 23-ს შეუსრულდა 100 წელი და 34-ს 101 და მეტი", - თქვა კალაძემ.