ვაპირებ შემოვიარო ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ... ქალბატონი მზია უნდა გამოვიდეს ციხიდან | ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში მზია ამაღლობელს მოინახულებს

გამოქვეყნდა:

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს, რომელსაც პოლიციელზე ფიზიკურ თავდასხმას ედავებიან, ნიკა გვარამია მოინახულებს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი პოლიტპატიმარი რუსთვის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში შევა.

"ქალბატონი მზია არის სინდისის პატიმარი. იგი არ არის აქ, როგორც პოლიტიკოსი. ჩემი დაჭერა ჟურნალისტობის დროს, მაინც უფრო პოლიტიკური მოტივებით იყო, მაგრამ ქალბატონი მზია, სწორედ იმიტომაა დაკავებული, რომ ის ჟურნალისტია. რაც ჩვენ ვნახეთ, სილის გაწვნას ვგულისხმობ, ეს იყო ადამიანის პასუხ იმაზე, რომ მას შეაფურთხეს. ამ ვითარებაში, როგორ მოვიქცევით ნებისმიერი ჩვენგანი არავინ არ იცის. 

მე მაქვს ჩემი შესაძლებლობები და კავშირები, ამიტომ ვაპირებ შემოვიარო ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. პირველ რიგში, ვაპირებ რომ წავიდე საკუთარი ხარჯებით  და საკუთარი პოზიცია გამოვხატო არა როგორც  პოლიტიკოსმა, არამედ როგორც ადამიანმა, რომელიც სოლიდარობას უცხადებს მას. მე ვარ ჟურნალისტი, რომელმაც მიიღო ჯილდო "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისგან", ზუსტად ამ თვალსაზრისით ვაპირებ სიარულს, მე მეთქმის სიტყვა მათთან" თქვა ნიკა გვარამიამ ციხეში შესვლამდე და აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. 

პარალელურად, მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციებს აგრძელებენ მისი კოლეგები. ჟურნალისტები დღეს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ და რეჟიმის ტყვეს სთხოვეს, შეწყვიტოს შიმშილობა:

 „მზია, ჩვენ, შენი მეგობრები და კოლეგები პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას სამართლიანობისთვის. შენი ხმა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ფასდაუდებელია. გვჯერა, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე ერთად გასაკეთებელი წინ გვაქვს.
მე-11 დღეა შიმშილობ. გთხოვთ, შეაჩერო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა.
შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო. ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ამხელა გავლენა აქვს.
ყველანი შენს გვერდით ვართ. შენი მაგალითით გამხნევებულები და ძალმოცემულები. გთხოვ, იფიქრო საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენთვის. თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება." ამბობენ ჟურნალისტები.  

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი კვირაზე მეტია შიმშილობს და ამ ფორმით აპროტესტებს მის მიმართ წაყენებულ აბსურდულ ბრალდებას. მზია ამაღლობელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გუშინ პატიმრობაში დატოვა. მეორე ინსტანციამ სარჩელი აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენების შესახებ, წარმოებაში არ მიიღო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი