"ახალი თეატრი გადის რეგიონებში. ყველგან მივალთ - ნახავთ, რა შეუძლია თეატრს" | დოიაშვილი

გამოქვეყნდა:

"რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით! ახალი თეატრი გადის რეგიონებში. ყველგან მივალთ - ნახავთ, რა შეუძლია თეატრს," - ამის შესახებ ახალი თეატრის წინ გამართულ აქცია-პერფორმანსზე ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა განაცხადა და თეატრის საპროტესტო მანიფესტი წარადგინა.

"სწორედ ამიტომ ვიკრიბებით დღეს, ისევ თეატრის წინ, ისევ ამ ეზოში, ისევ ამ ქალაქში სადაც დაკავებულ ადამიანებთან ერთად ქართული კულტურაც დაპატიმრებული ჰყავთ.

რაც შემიძლია ახლა ვთქვა, რომ  ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. აქ დგომა არ იყო ჩვენი არჩევანი, ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რაღაცნაირად დიალოგი გამოგვენახა პროკურატურასთან, დიახ, პროკურატურასთან მხოლოდ. ჩავწერეთ ვიდეოები, გავაჩერეთ სპექტაკლები, შემდეგ შევაგროვეთ ხელმოწერები, თავდებში დაუდგა [ანდრო ჭიჭინაძეს] მთელი თეატრი, არა მარტო მთელი თეატრი, მთელი ქართული კულტურა და დიდი მადლობა ამ ხალხს, ვინც დაგვეხმარა.  მაგრამ პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია, მეტიც, გვითხრა რომ ჩვენ არც ვართ, არც ვარსებობთ და საერთოდ არ ვაინტერესებთ. ეს იყო მათი პასუხი. დააბნელეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით. ჩვენ გავიმარჯვებთ!

ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. ეს ჩვენი ბრძოლა იყო და ამიტომ ვიწყებთ დღეს ჩვენ, მაგრამ ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები, ყველა შემოგვიერთდება აუცილებლად. 

ახალი თეატრი გადის რეგიონებში. ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ და ნახავთ რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება აბსოლუტურად ყველა, ჩვენი მეგობრები, ჩვენ ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში და სდიეთ ქართულ თეატრს.

ამ განცხადების გაკეთება გგონიათ იოლია? ძალიან ვნერვიულობ და მეშინია კიდეც. მეშინია იმიტომ, რომ პასუხისმგებელი ვარ თითოეულ აქ მდგომზე და თქვენზეც ასევე და იცით, რომ უშიშროება მილიარდ რამეს გააკეთებს. მილიარდ რამეს გამოაგდებს, როდესაც წავალთ რეგიონებში. მაშინ მკითხავთ რატომ ვაკეთებ ამას? იმიტომ, რომ ამ დროს მახსენდება ერთი გენიოსის სიტყვები: "ადამიანი, რომელიც უშიშროებას თავისუფლებაზე ცვლის, არც უშიშროების ღირსია და არც თავისუფლების". 

ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს და ერთი რამ მინდა გითხრათ, ნუ იცეკვებთ იმათ დაკრულზე, მოდით აქ, ნუ იმღერებთ მათთან ერთად, მოდით აქ, ნუ ემსახურებით მათ იმიტომ, რომ აქ კარგია. ახლა ვინც ტელევიზორებთან სხედხართ გამოდით, რომ ვიყოთ ბევრი. ჩვენი მანიფესტი გრძელდება: ნუ წახვალ იქ, მოდი აქ," - განაცხადა დავით დოიაშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი