შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს 2000 წელს დაბადებული პირი, რომელმაც გუშინ, 24 იანვარს ბათუმში კაცი ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, ბათუმში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ დ.მ. - ს ბლაგვი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.თ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა", - წერს შსს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.