შემოწმებულია: რა მოიტყუა რეჟიმის პროპაგანდამ ტრამპის ინაუგურაციაზე, "გასაყიდ ბილეთებსა" და პრეზიდენტის ჩაცმულობაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში პროპაგანდისტული სამთავრობო მედიისა და მათი ექსპერტების თავდასხმის მთავარი სამიზნეა. მიზეზი მარტივია, სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ქართველი პოლიტიკური ფიგურაა რომელიც ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟეს.

"მითების დეტექტორმა" გადაამოწმა 17 იანვარს პროპაგანდისტული POSTV-სა და "ოცნების" ექსპერტების მიერ გამოქვეყნებული პოსტები, სადაც იყო მტკიცება, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

ინაუგურაციის ცერემონია სხვადასხვა ღონისძიებისგან შედგება, ფასიანი ბილეთების შეძენა კი არა ფიცის დადების ცერემონიალზე დასასწრებად, არამედ მხოლოდ წვეულებებში მონაწილეობის მისაღებად იყო შესაძლებელი.

ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა შეუძლებელი იყო, ბილეთები იყო უფასო და ხელმისაწვდომი მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია და ამის შესახებ მან პლატფორმა იქსზე 27 დეკემბერს დაწერა.

ამას მოჰყვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოფაბრიკაცია, თითქოს ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე ამერიკის შეერთებული შტატების დროშის პრინტიანი მოსაცმლით მივიდა. მეტი დამაჯერებლობისთვის ფოტო ფაბრიკაციისთვის ონლაინ გამოცემა "ტაბულას" ქარდი გამოიყენეს.

POSTV-ს ფეისბუქ გვერდებმა მანიპულაციისთვის გამოიყენა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი ფიცის დადების ცერემონიალს თვალს ეკრანიდან ადევნებს. "ფეისბუქ" ანგარიშები და გვერდები ამით ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ცდილობდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ მეხუთე პრეზიდენტმა მთელს ცერემონიალს ტელევიზორში უყურა.

სინამდვილეში კი, ადგილი, სადაც სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციას ესწრებოდა, კაპიტოლიუმშია - ემანსიპაციის დარბაზია და ის შენობის ვიზიტორთა ცენტრში მდებარეობს. ფიცის დადების შემდეგ ინაუგურაცია სწორედ ამ დარბაზში გაგრძელდა, ტრამპი სიტყვით სწორედ იქ გამოვიდა.

სალომე ზურაბიშვილის მადისკრედიტირებელ კამპანიას მხოლოდ საქართველოში არ ეწევიან. მეხუთე პრეზიდენტის გაშავებას ცდილობს რუსული პროპაგანდისტული მანქანა და ამისთვის მაკკეინის ინსტიტუტის ჯილდოს იყენებს.

"სამართლიანმა არჩევნებმა" შეისწავლა ამ კამპანიის აქტორებიც და მისი გავრცელების არეალიც. მაკკეინის ინსტიტუტის ჯილდოს მიღებას სალომე ზურაბიშვილის ამერიკაში გაქცევად წარმოაჩენდნენ, როგორც რუსული გავლენის ტელეგრამ არხები, ასევე ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიაც.

"ქართული ოცნების" ინტერესების გამტარებელ POSTV-სა  და კრემლის პროპაგანდისტულ გამოცემა "პრავდას" ახლა საერთო სამიზნე ჰყავთ. კამპანია მრავალფეროვანია მაგრამ მიზანი ერთია - სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაცია.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი