"ჯავახიშვილმა დაიკლო 16 კგ. გუშინ ორჯერ გული წაუვიდა და ყურადღება არავინ მომაქციაო" | ადვოკატის ცნობით, ჯავახიშვილმა და კიკნაძემ შიმშილობა შეწყვიტეს

გამოქვეყნდა:

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის ცნობით, რეჟიმის პატიმრებმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და რეზო კიკნაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. 

ადვოკატის ინფორმაციით, 20 წლის ჯავახიშვილის მდგომარეობა 6 დღიანი შიმშილობის შედეგად მნიშვნელოვნად დამძიმდა, ხოლო რეზო კიკნაძის მდგომარეობა შედარებით ნორმალურია.

ადვოკატის ინფორმაციითვე, მიუხედავად მათი მხრიდან ინფორმირებისა, სახალხო დამცველი ჯავახიშვილის მოსანახულებლად არ შესულა.

"ჯავახიშვილმა დაიკლო 16 კგ გუშინ ორჯერ გული წაუვიდა და ყურადღება არავინ მომაქციაო. ხელზე აქვს დალურჯებები ამის ფაქტად და დღეს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა ჰქონდა, რომ ყველა ვარიანტში უნდა შეეწყვიტა. კიკნაძემაც შეწყვიტა [შიმშილობა]. უბრალოდ გუშინ მტკიცებულებებიც გვაქვს სახალხო დამცველის წარმომადგენელი თავს იგიჟებდა და არ შედიოდა, ვეუბნებოდი, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ყურადღებას არ აქცევენ-თქო და რადგან უტიფრად უარყოფენ ხოლმე ამ ყველაფერს, გვაქვს მათივე თანხმობით ჩვენი კომუნიკაციის ჩანაწერი"- თქვა ავსაჯანიშვილმა "ფორმულასთან". 

შეგახსენებთ, რეჟიმის პატიმრებმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და რევაზ კიკნაძემ შიმშილობა "ნეტაგაზეთისა" და " ბათუმელების" თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად დაიწყეს. თავად ამაღლობელი უკვე მე-16 დღეა, რაც შიმშილობს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი