"შევხვდებით თეატრში!" | გაფიცული ხელოვანები ანდრო ჭიჭინაძისა და სინდისის ყველა პატიმრისთვის ბრძოლას განაგრძობენ

გამოქვეყნდა:

"მხოლოდ გამარჯვების მოლოდინით", - ეს ანდრო ჭიჭინაძის პირველი გზავნილია აბაშიძის თეატრის მანიფესტის შემდეგ. გაფიცული ხელოვანები კი ანდროსთვის და სინდისის ყველა პატიმრისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

ისინი აპირებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში ჩავიდნენ და გზავნილები თითოეულ მოქალაქემდე მიიტანონ. თეატრალები მზად არიან იმ წინააღმდეგობისთვისაც, რომელსაც, დიდი ალბათობით, რეპრესიებსა და ძალადობაზე მდგარი რეჟიმი მათ ამ ინიციატივაში შეუქმნით. მათ მოსალოდნელი დაბრკოლებები არ აშინებთ, რადგან გააზრებული აქვთ, რომ სისტემას ებრძვიან. ისტორიულად კი ხელოვნებასთან რეჟიმები ყოველთვის მარცხდებიან. თეატრის ფუნქცია არსებულ რეალობასა და საზოგადოებას შორის მედიატორობაა - ასე ხედავენ თეატრალები საკუთარ როლს. ახლაც მაყურებლის დაკვეთას ასრულებენ და საერთო ბრძოლაში მათ გვერდით დგანან.

იმ ფონზე, როცა რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებზე ყოველდღიურად ძალადობს, ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ბევრ თეატრში თითქმის 2 თვეა ყველა სპექტაკლი შეჩერებულია.

აბაშიძის თეატრის ამ ინიციატივას უერთდებიან სხვა თეატრალებიც.

უფრო მეტი ნახეთ დავით კობიძის რეპორტაჟში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი