"საქართველოში იყო ხმების მოსყიდვის და ხმის რამდენჯერმე მიცემის შემთხვევები, ხალხს ჰქონდა განცდა, რომ "მათ დიდი ძმა უთვალთვალებს" | PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი

გამოქვეყნდა:

PACE-სა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებთან ერთად, ჩვენ ვაკვირდებოდით საქართველოში საარჩევნო გარემოს. ეს იყო პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდა. რა დასკვნა გავაკეთეთ ჩვენ ამ დაკვირვების შედეგად? არჩევნები ჩატარდა მაღალი პოლარიზაციის ფონზე, ასევე დიდი ანტაგონიზმი ჩანდა მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის. ჩვენ, შეშფოთებულები ვართ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სიძულვილის ენის გამოხატვის გამო. იყო ხმების მოსყიდვის და ხმის რამდენჯერმე მიცემის შემთხვევები, განსაკუთრებით სოფლად. საარჩევნო უბნებზე იყო დამონტაჟებული კამერები, ხდებოდა ხალხის დაშინება და ამომრჩეველთა გაკონტროლება.

ხალხს ჰქონდა განცდა, რომ "მათ დიდი ძმა უთვალთვალებს". ასევე, არსებობდა კითხვები გარკვეული სახელმწიფო ინსტიტუტების მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მიმართულებით. ამ ყველაფერმა საკმაოდ დააზიანა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და მისი შედეგების მიმართ ნდობა. ამიტომ გაჩნდა კითხვები - გამოხატავდა თუ არა არჩევნები ქართველი ხალხის ნამდვილ სურვილს. იყო სერიოზული ეჭვები იმის თაობაზე, უზრუნველყოფდა თუ არა საარჩევნო გარემო საჭირო პირობებს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც იქნებოდა თავისუფალი დაშინებებისა და ზეწოლისგან.

ჩვენი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ შევნიშნეთ შემაშფოთებელი მოვლენების მთელი სერია. "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა წინასაარჩევნოდ მიცემული პირობა სწრაფი ევროინტეგრაციის შესახებ, რის შემდეგაც მასობრივი დემონსტრაციები აღინიშნა ძალადობითა და პოლიციელთა სისასტიკით როგორც დემონსტრანტების, ასევე ოპოზიციის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ბევრი ადამიანი დააპატიმრეს მხოლოდ იმის გამო, რომ გამოხატა პროტესტი ევროპული გზიდან გადახვევის მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულად მიუდგეს ამ რეკომენდაციებს, რაც მოიცავს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. ასევე, მოვუწოდებთ, საქართველოს მთავრობას, გააუქმოს კანონი საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

- განაცხადა PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი