"მთავარი არხის" განცხადება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი გეგმაზომიერად მიყვება რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას და ეტაპობრივად ხურავს არხს, რომელიც 5 წლის განმავლობაში მყარად ინარჩუნებდა ქვეყნის ყველაზე გავლენიანი კრიტიკული მედიასაშუალების სტატუსს.

"მთავარი არხი" უკვე გაითიშა ყველა მომხმარებლისთვის, ვინც ჩვენს სიგნალს საქართველოს რეგიონებში ან საზღვარგარეთ სატელიტის საშუალებით იღებდა. მიზეზი მარტივია - ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორი, გოგი ქურდაძე უარს ამბობს სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის იმ თანხის გადარიცხვაზე, რომელიც უკვე თვეების განმავლობაშია დაგროვილი გაყიდვების სახლის ანგარიშზე. უფრო მეტიც - ოქუაშვილის დირექტორი საერთოდ არ იძლევა ამ თანხების არხის სასარგებლოდ გამოყენების უფლებას, ჩვენს პარტნიორ კომპანიებს კი უსაფუძვლო ბრალდებებისა და მუქარის შემცველ წერილებს უგზავნის.

ამავე მიზეზით თებერვლის დასაწყისიდან "მთავარი არხის" გავრცელება კიდევ უფრო შეიზღუდება, ვინაიდან ჩვენი სიგნალი გაითიშება საკაბელო ტელევიზიების დიდი ნაწილისთვისაც.

ზაზა ოქუაშვილის მცდელობით, უკვე ერთი თვეა ეთერში აღარ გადის რეკლამა და არხმა დაკარგა ყველა სპონსორი, რადგანაც გაყიდვების სახლთან კონტრაქტი ამოიწურა, მისი განახლების საშუალებას კი, ისევ ოქუაშვილის მითითებით, მისი დირექტორი, გოგი ქურდაძე არ იძლევა.

"მთავარ არხს" შეუწყდა რეიტინგების მაჩვენებელთა მიწოდებაც, ჟურნალისტები კი, ძირითად შემთხვევებში, ვეღარ ახორციელებენ პირდაპირ ჩართვებს მოვლენათა ეპიცენტრებიდან, ვინაიდან ჩართვის აპარატების სერვისი გადაუხდელობის გამო აგრეთვე გათიშულია.

ზაზა ოქუაშვილის და მის მიერ მართული დირექტორის, გოგი ქურდაძის ქმედებები წარმოადგენს კომპანიის განზრახ დაზიანებისა და კრიტიკული მედიის დახურვის მცდელობას, რაც ემსახურება "ქართული ოცნების" მიზნებს და აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი