"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" [CPJ] ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი, გულნოსა საიდი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.
საიდი ამბობს, რომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო სჯიან.
"პირველ რიგში, ის, რომ [მზია] პატიმრობაში იმყოფება პრესის თავისუფლების ძალიან სერიოზული დარღვევაა. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მდგომარეობა შიმშილობის გამო, რომელსაც ის ახლა მიმართავს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შიმშილობა ერთადერთი გზაა, იმ მოპყრობის გასაპროტესტებლად, რომელსაც ის იღებს. ეს აშკარად პოლიტიკური და პოლიტიზებული საქმეა. ის მიზანში ნამდვილად თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ...
ჩვენ, "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში" არ გვაქვს მეთოდოლოგია, რომლითაც განვსაზღვრავთ არის თუ არა ვინმე პოლიტპატიმარი. მაგრამ თუ გადახედავთ სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, როდესაც საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ანუ პირი არის მიზანმიმართულად სამიზნეში ამოღებული თავისუფლების აღკვეთით, დაპატიმრებით ან სხვა უსამართლო მოპყრობით მათი, როგორც ჟურნალისტის, როგორც აქტივისტის, ან უფლებადამცველის საქმიანობის გამო - მაშინ ეს არის პოლიტიკური საქმე და ისინი პოლიტპატიმრები არიან", - თქვა საიდიმ.