ადამიანის უფლებათა ცენტრი 2024 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე თბილისში გამართულ 15 აქციას დააკვირდა, რომელთაგანაც 8 შეეხებოდა პროტესტს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ.
ორგანიზაცია გამოქვეყნებულ ანგარიშში იმ დარღვევებს აღწერს, რომელიც დემონსტრანტების მიმართ გამოიკვეთა: აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციული დაკავებები, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა და რიგ შემთხვევებში - წამება, აქციის დაშლისას სპეციალური საშუალებების ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოყენება, აქციის ფასილიტაციის პროცესში საპოლიციო ძალების არაპროპორციული რაოდენობის მობილიზება, აქციებზე არაიდენტიფიცირებული პოლიციელების გამოყვანა და აქციის მონაწილეთა პოლიტიკური ნიშნით დევნა.
"ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისში გამოვლინდა პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეებზე სავარაუდო თვალთვალის, მათთვის ფოტოებისა და ვიდეოების გადაღების შემთხვევები, რაც შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე არათავსებადია შეკრების თავისუფლებასთან.
30 აპრილის, 1 და 13 მაისის მშვიდობიანი აქციები სამართალდამცველებმა უკანონოდ, არაპროპორციული ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაარბიეს. შსს-ს წარმომადგენლები ჯერ იღებდნენ აქციის აქტიური მონაწილეების ფოტოებს, შემდეგ კი იწყებოდა აქციის მონაწილეთა დევნა, ადმინისტრაციული დაკავება და ფიზიკური ძალადობა.
16 აპრილს გამართულ აქციაზე პოლიციამ უკანონოდ დააკავა არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტი. გარკვეულ შემთხვევებში, მოქალაქეები მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნიც გახდნენ.
შეიძლება ითქვას, რომ არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო 2024 წლის აპრილ-მაისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (იგივე - რუსული კანონის) წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევა, რადგან, ერთი მხრივ, არ არსებობდა საქართველოს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების მიზეზით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი, ხოლო, მეორე მხრივ, ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის სამართლებრივი წინაპირობა. სახელმწიფომ დაარღვია აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები, როცა გაჟღერების პარალელურად სპეციალური ხმოვანი გაფრთხილების დანიშნულების რაზმმა დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება.
გაფრთხილება საერთოდ არ უძღოდა წინ ცრემლსადენი გაზის კაფსულების გამოყენებას. ხოლო, რეზინის ტყვიების გამოყენება უარყო სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელმა მაშინ, როცა მედიამ მოიპოვა რეზინის ტყვიების გამოყენების მტკიცებულებები. საპოლიციო ძალები დამიზნებით ისროდნენ ცრემლსადენი გაზის კაფსულებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს, სახის არეში, დამიზნებით, ახლო მანძილიდან ასხამდნენ წიწაკის სპრეის. ეს ყოველივე სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს და სტანდარტებს არღვევს.
მეტიც, სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე მყოფი არაერთი პირი, მათ შორის - ახალგაზრდები, ქალები, ჟურნალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები (ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან ხაბეიშვილი)."
რაც შეეხება არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებსა და აქციებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაში ჩარევა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როცა საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია, ერთი მხრივ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც ფართოდ დარღვეული ხმის ფარულობით გამოირჩეოდა, ხოლო, მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ მიერ საჯაროდ გაკეთებულმა განცხადებამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების შეჩერების შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვალდებულებას.
"საპოლიციო ძალების მხრიდან უპრეცედენტო მასშტაბის ძალადობა მიმართული იყო პროტესტის მონაწილეების, უფლებადამცველების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, როგორც პროტესტის დროს, ისე მის გარეთ. პროტესტის ბევრი მონაწილე ძირითადად ნიღბიანმა და არაიდენტიფიცირებადმა პირებმა სასტიკად სცემეს დაკავების პროცესში და დაკავების შემდეგ. ღია წყაროებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალები ასახავს 99 პირის, მათ შორის 45 ჟურნალისტის დაკავების, ძალადობის და ფიზიკური დაზიანებების ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ თავდასხმებს ხშირად თან ახლდა შეურაცხყოფა, მუქარები (მათ შორის სექსუალური ძალადობის შესახებ) და დამცინავი თუ დამამცირებელი კომენტარები. ხშირად ძალადობა საიდუმლოდ ხდებოდა სატრანსპორტო საშუალებებში, სადაც მოქალაქეებს ჯერ ბოჭავდნენ, შემდეგ კი ურტყამდნენ და ფეხით დგებოდნენ მათზე. სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებები ადასტურებს მსხვერპლთა ტრავმების შემაშფოთებელ ხასიათს. დაზარალებულებში განსაკუთრებით ხშირია სახისა და თავის დაზიანებები, მათ შორის, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა.
დაზარალებულები აღნიშნავენ, რომ მათ სახეში „მყარი გარსის ხელთათმანებით“ ურტყამდნენ. 22 წლის ბიჭს აქციაზე თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა ჰქონდა, რის გამოც კლინიკაში მედიკამენტოზური ძილის ქვეშ რჩებოდა. აქციაზე დაზარალებულთა სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებები მიუთითებს სისტემატურად წამებისა და არასათანადო მოპყრობის კოორდინირებულ პოლიტიკაზე. " ვკითხულობთ ანგარიშში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, არჩევნების შემდეგ პერიოდში, ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე კიდევ უფრო გაიზარდა მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეთა მიმართ ძალადობისა და თვითნებური დაკავებების მასშტაბი. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების იურიდიული დახმარების ქსელის ინფორმაციით, ამ პერიოდში 500-მდე დემონსტრანტი დააკავეს. დაკავებულებს ხშირად არ ეძლეოდათ თავიანთი ადგილსამყოფელს ახლობლებისთვის ცნობის ან ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა. შესაბამისად, მათი ადგილსამყოფლის შესახებ საათობით არ იცოდნენ ოჯახის წევრებმა.
რაც შეეხება მოძალადე საპოლიციო ძალების გამოვლენას, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს არაერთხელ დაირღვა შეკრების უფლება და დაფიქსირდა არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ჯერ კიდევ არ არის "საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების პროგრესის ან დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის შესახებ" :
"მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში, ზოგჯერ, კარგად ჩანს სამართალდამცველთა მიერ სავარაუდო წამების ან დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები, გამოძიება მაინც მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იწყება ყველა საქმეზე. მეტიც, საჯარო პირებმა, თავი შეიკავეს საპოლიციო ძალების მხრიდან გამოვლენილი ძალადობის დაგმობისგან.
დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო გამძაფრდა იმ ფაქტით, რომ სამართალდამცავებს არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, სახე კი ნიღბებით ჰქონდათ დაფარული. ამ მოვლენების თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებსა და სტამბოლის პროტოკოლს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ძალადობრივი ინციდენტების განმეორებადი ხასიათი, ასევე წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობის არარსებობა მიუთითებს რეპრესიების სისტემურ და კოორდინირებულ პოლიტიკაზე, რაც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს მთავრობის პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა დაშინებას და მათზე შურისძიებას."