საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 29 იანვარს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვით, ერთ-ერთი პატიმარი მძიმე დაზიანებებით კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს, ომბუდსმენის რწმუნებული მის მოსანახულებლად კლინიკაში იმყოფებოდა. ასევე იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
სახალხო დამცველი გამოძიებას მოუწოდებს, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა.
"29 იანვარს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია კლინიკა „ვივამედში“ ერთ-ერთი პატიმრის მძიმე დაზიანებებით მოთავსების შესახებ. შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით, კლინიკაში იმყოფებოდა. საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული ასევე, იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული 23 იანვარს კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, უშუალოდ „ვივამედში“ მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
აპარატის მიერ შეკრებილი ინფორმაციიდან დეტალების გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ, ერთი მხრივ განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების დაცვის, მეორე მხრივ კი მიმდინარე გამოძიებაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.
სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ დაწყებულია გამოძიება პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დადგენის მიზნით. სახალხო დამცველი მოუწოდებს გამოძიებას, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა.
გარდა ამისა, როგორც აპარატისთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ არსებითი დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის მოცემულ საკითხსაც.
სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. აპარატი გააგრძელებს მისი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას," - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, "TV პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გლდანის ციხიდან ერთ-ერთი პატიმარი კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს. ის გარჩევის დროს სცემეს.
ცნობილია, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირი ავარიის შემდეგ დააკავეს, როდესაც თბილისიდან წალკაში, "ქართული ოცნების" აქციიდან მიმავალ აქტივისტებს შეეჯახა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.