
ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ დაბის სასტუმროში "ქართული ოცნების" თვითგამოცხადებული დეპუტატები თავს დაესხნენ, საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
როგორც გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის საპროტესტო აქციების მოთხოვნას სრულად იზიარებს და მოქალაქეებს მხარს უჭერს. გაბიტაშვილი ასევე, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.
გაბიტაშვილმა ცალკე მადლობა გადაუხადა "ფროსფერითი ჯორჯიას", ჯგუფ "დაიტოვეს" მთელ საზოგადოებას.
"სალამი მეგობრებო, დავბრუნდი ფეისბუქზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ პერიოდში მე და ჩემს ოჯახს გვერდში დაგვიდექით. ძალიან უცხო და სასიამოვნო იყო ამდენი ხალხის ასეთი სიყვარული და მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობდი მთელი ეს პერიოდი. განსაკუთრებული მადლობა ფროსფერითი ჯორჯიას, ნიკას და ჯაბას, რომელთაც ამ ინციდენტამდე საერთოდ არ ვიცნობდი, თუმცა ძალიან მაგრად დამიდგნენ გვერდში. მათი მხარდაჭერის გარეშე თავის დაცვას ვერ შევძლებდი აბუ დაბის სასამართლოში. მადლობა სანდრო ბარამიძეს - ძალიან კომპეტენტური სამართლებრივი რჩევებისთვის.
ასევე, მადლობა "დაიტოვეს" მთელ საზოგადოებას, რომლებიც ასე განიცდიდნენ ჩემს ამბავს და მგულშემატკივრობდნენ. და ბოლოს, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებსა და ოჯახს, რომლებითაც ყოველთვის ვამაყობდი.
კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავაფიქსირო მთელს საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტის მიმართ. სრულად ვიზიარებ მოთხოვნებს: სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს! ვითხოვთ ახალ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს! ვთვლი, რომ მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ ორი მოთხოვნის შესრულებას და გამარჯვებად ვერ ჩაითვლება სხვა ვერაფერი. აქედან გამომდინარე, აღარ ვაპირებ აბუ დაბის ინციდენტზე საჯაროდ საუბარს. მიყვარხართ და ვამაყობ თქვენით", - წერს გაბიტაშვილი.
შეგახსენებთ, 13 იანვარს, აბუ დაბიში მყოფი ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.