შპს თბილსერვის ჯგუფი, რომლის 100%-ის მფლობელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტია, ე.წ ჭკვიანი ნაგვის ურნების შესაძენად 10 მილიონიან ტენდერს აცხადებს. წინადადებების მღება 27 თებერვალს დაიწყება და 4 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 379 000 ლარია.
ტენდერის ტექნიკურ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ უნდა მოხდეს 214 ცალი მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერის (ბეტონის ბუნკერით) და 214 - ავსების სენსორის შესყიდვა. მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერის მიწოდება-მონტაჟი განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად 2025 წლის 01 სექტემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადაა არანაკლებ 2 წელი.
მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერის სისტემა უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: ბეტონის ბუნკერი, პოლიეთილენის (პლასტმასის) კონტეინერი, უსაფრთხოების პლატფორმას, ხუფს ფეხით მოსიარულეთათვის, ნარჩენის მიმღებ ურნას და ავსების სენსორს. მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერის ერთი ერთეულის ფასად 47 000 ლარია განსაზღვრული. ავსების სენსორის ფასი კი 1500 ლარი.
ავსების სენსორმა ოპერატორ კომპანიას ავტომატურ რეჟიმში უნდა გადასცეს ინფორმაცია, კონტეინერის ავსების თაობაზე. სენსორი თავსებადი უნდა იყოს საქართველოში არსებულ კავშირგაბმულობის სისტემებთან (GSM/GPRS). სისტემის საშუალებით, ოპერატორ კომპანიას საშუალება უნდა ჰქონდეს რეალურ დროში აწარმოოს კონტეინერების ავსების დონის კონტროლი და შესაბამისად დაგეგმოს ნაგავშემკრები ავტომობილის მარშრუტი. ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 1 საათის ინტერვალით, ინფორმაცია შენახულ უნდა იქნეს არანაკლებ 1 წლის განმავლობაში.
2023 წლის მაისში 200 ცალი, ხოლო ივლისში 70 ცალი ჭკვიანი ურნის შესაძენად 10 და 3.4 მილიონიანი ხელშეკრულებები ჯი-თი გრუპ-თან გაფორმდა. ჯი-თი გრუპი ქართული ოცნების მხვილი შემომწირველია. მის მეწილეებს ოლიგარქის პარტიისთვის 120 000 ლარი აქვთ შეწირული. ამ ფონზე კი სახელწიფო შესყიდვებში 200 მილიონის ტენდერები აქვთ მოგებული, პირდაპირი კონტრაქტებით 37 მილიონი, კონსოლიდირებული შესყიდვებით კი 163 მილიონი აქვთ მიღებული. 2020 წლამდე ჯი-თი გრუპის გენერალური დირექტორი იყო ლევან გოგსაძე, რომელიც ქართული ოცნების წევრ ბაჩო ოდიშარიას ქვისლია.
2019 წლის დეკემბერში თბილსერვისჯგუფმა კომპანიისგან 3.3 მილიონი ლარის ღირებულების ურნები გამარტივებული წესით შეისყიდა.
"ჯი-თი გრუპ" დაარსებულია 2005 წელს.
კომპანია ფლობს რამდენიმე შვილობილ კომპანიას:
GT- Motors ltd - მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და სერვისი;
Kolkhi Group ltd - სამშენებლო მასალების იმპორტი;
Europroduct ltd - საკვები პროდუქტების იმპორტი და სუპერმარკეტების ქსელი (50% წილი);
GT Enologica - ღვინის დანადგარების იმპორტი (51% წილი).
არც "ჯი თი გრუპი" და არც მისი შვილობილი კომპანიები თავისული ბიზნესების განცხადებას არ შეერთებიან.