"მზია ახლა დემოკრატიული და ევროპული საქართველოს სიმბოლოა, ის ხალხი კი, ვინც ის დააკავა და ციხეში ჩასვა, დიქტატურის სიმბოლოები არიან. ეს ლუკაშენკოსა და პუტინის სტილია. რა თქმა უნდა, ჩვენ მზიას მხარს ვუჭერთ და მიგვაჩნია, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი ამ ახალგაზრდა და მამაცი ქალის თავისუფლებისთვისაც იბრძვის" - აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე მზია ამაღლობელის პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებით.
შეფასებებეს აკეთებენ სხვა ევროპარლამენტარებიც და სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ ჟურნალისტ ქალს, რომელიც "ოცნების" რეჟიმმა დაატყვევა.
"ის ციხეში არ უნდა იჯდეს და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. მე მხარს ვუჭერ ამ მშვიდობიანი პროტესტის ყველა მონაწილეს, რომელიც რეპრესიების მსხვერპლია. ესენი არიან არა მხოლოდ რიგითი ადამიანები, არამედ ჟურნალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები. რაც საქართველოში ხდება, ეს არის კატასტროფა. ეს არ არის უბრალოდ დემოკრატიის უკუსვლა, არამედ არის ავტორიტარული რეჟიმის დამყარება. არჩევნები გაყალბდა და მე ეს საკუთარი თვალით ვნახე, რადგან დამკვირვებელი ვიყავი. ამიტომ, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები საერთაშორისო ადმინისტრირებით და ასევე უნდა იყოს პირადი სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც რეპრესიებში არის ჩართული." ამბობს ნატალი ლუაზო.
"საქართველოში ძალიან ცუდი ვითარებაა და სწორედ ამიტომ დგამს ზოგიერთი ადამიანი რადიკალურ ნაბიჯებს. მე მხარს ვუჭერ მზიას პროტესტს. ეს სახიფათო და სარისკოა, მაგრამ უსამართლობას ზოგჯერ ასეთი რადიკალური ზომებით უნდა დაუპირისპირდე, თუმცა გამომდინარე იქიდან, თუ როგორ იქცევა მმართველი პარტია, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ბევრ მსგავს ქმედებებს ვიხილავთ" - ამბობს პეტრას აუსტრევიჩუსი.
ევროდეპუტატები ჟურნალისტის დაპატიმრებას, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რეპრესიებად აფასებენ. მათი თქმით, უნდა შეწყდეს მოქალაქეებზე ძალადობა, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და საპატიმრო დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პოლიტიკური მოსაზრებებით დაპატიმრებულმა ადამიანებმა. ევროპელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ უნდა დაუწესდეთ პირადი სანქციები მათ, ვინც, რეპრესიებშია ჩართული.