"მტკიცებულებების შეუთავსებლობა წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ ბრალდება არის შეთხზული" | TI საბა სხვიტარიძის საქმეზე

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" რეჟიმის პატიმრის საბა სხვიტარიძის საქმეზე, რომელიც საპოლიციო ძალების მხრიდან წამების მსხვერპლი გახდა, დეტალურ ანგარიშს აქვეყნებს.  ორგანიზაცია წერს, რომ სხვიტარიძის ბრალდების საქმეში მის მიერ თითქოსდა ჩადენილი დანაშაულის ადგილთან, გარემოებებთან და ჩადენის ხერხთან დაკავშირებით სრულიად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და მტკიცებულებები მოიპოვება - "ამ ინფორმაციების და მტკიცებულებების შეუთავსებლობა, სულ მცირე, წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ საბა სხვიტარიძის ბრალდების საქმე არის შეთხზული და, რომ სინამდვილეში საბა სხვიტარიძეს მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია."- ნათქვამია განცხადებაში. 

საბა სხვიტარიძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353- 1 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ, ბრალდების მტკიცებით, იგი 2024 წლის 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, სასტუმრო „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს დაესხა პოლიციელს - მირიან ქავთარაძეს და თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი, რითაც ჩაიდინა „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა“. აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებულია სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

საბა სხვიტარიძე უკვე თითქმის ორი თვეა პატიმრობაში იმყოფება. როგორც ყველა სხვა საქმეში, რომელიც პროტესტის მონაწილეებს შეეხება, მასაც პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა, სათანადო დასაბუთების გარეშე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

"ბრალდების მხარის ჩვენებები სიტყვა-სიტყვით იდენტურია – აშკარა ფაბრიკაცია.
პოლიციელები, რომლებმაც მას ბრალი დასდეს, სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ და მათ იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.
მტკიცებულებები ამხელს, რომ საბა საერთოდ სხვა ლოკაციაზე იმყოფებოდა ინციდენტის დროს.
დაკავებისას მასზე ძალადობა განხორციელდა, პოლიციის განყოფილებაში კი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა." - აცხადებს TI

ვრცლად: საბა სხვიტარიძის საქმე: გამოგონილი ბრალდება, უკანონო დაკავება და არასათანადო მოპყრობა, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი