ზაზა ოქუაშვილს უნდა ამ არხის დანგრევა, იგივე რაც უნდა ბიძინა ივანიშვილს - ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მთავარი არხის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და კიდევ ერთ გვარს ასახელებს. მისი თქმით, ოქუაშვილთან ერთად, პროცესებში აქტიურადაა ჩართული "ტრიბუნას" ლიდერი, "ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე:
საეჭვოდ გააქტიურდა ბატონი ოქუაშვილის ტექსტები ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ეს თუ გგონიათ, რომ შემთხვევით ხდება, თუ გგონიათ, რომ არ ვიცით, რა არ ვიცით, მინდობილობა მაქვს ნანახი ბატონი ჭიჭინაძის სახელით, "ტრიბუნა" როა, დავით ჭიჭინაძე, აი ის არის დღეს ოქუაშვილის მთავარი მოქმედი პერსონა აქ. ეს ჭიჭინაძე შემჩნეულია შვეიცარიის საელჩოს რუსულ სექციაში სიარულში, მათ შორის, "მთავარ არხთან" დაკავშირებით ტექსტებში და ეს გამოიდება ძალიან მალე. ბატონი ოქუაშვილი არის როგორც აღმოჩნდა, ასევე რუსეთის მოქალაქე და აქვს რუსული პასპორტი. ამას ჩვენ ბრიტანეთის სახელმწიფოს ვაცნობებთ...
მე ამ არხს ყოველთვის მივეხმარები, რომ გადარჩეს. თუ ეს გადარჩენა უკავშირდება ზაზა ოქუაშვილის მოშორებას, ამაშიც დავეხმარები. თუ ზაზა ოქუაშვილი ამ არხს განვითარების საშუალებას არ აძლევს, და არ აძლევს, ფული აქვს არხს და ის არ ახარჯინებს, იმიტომ, რომ ხელმოწერა სჭირდება ვინმე გოგისი, [გოგი ქურდაძე] ხელს არ აწერს ახალ კონტრაქტს სარეკლამო სახლთან, არავინ არსად არ გაქცეულა და ამიტომ არ იყიდება რეკლამა. ეს შენობა არ არის მისი, ამ ტელევიზიის ტექნიკა მარტო იმიტომ არაა დაყადაღებული , რომ ტელევიზიას არ გაუკეთეს ეს და არა მას. როგორც აღმოჩნდა, თაღლითია ბოლო ხარისხის და მის თაღლითობას კიდევ ბევრჯერ დავადასტურებთ უკვე ბრიტანეთის სასამართლოში და არა მარტო მე, სხვა დამფუძნებლებიც. ბოლომდე გავყვებით რასაც ის ამბობს და აკეთებს, მაგრამ პირადად ჩემთან გადაკვეთილი წითელი ხაზების გამო, მას მოეთხოვება პასუხი და არამარტო სამართლებრივი....
მისი რუსეთის მოქალაქეობის და პასპორტის საკითხი იქნება გამომზეურებული, მისი ხელის ბიჭის, ფულგადახდილი რუსაპეტა დავით ჭიჭინაძის, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციაში სიარული მთავარ არხთან დაკავშირებული ტექსტებით - რომ ეს არხი წამოსაღებია და დასაფინანსებელი. თქვენ გგონიათ, რომ ზაზა ოქუაშვილს ფული აქვს?
ეს ყველაფერი გამომზეურდება, პოლიტიკოსების სახელები და გვარები, ვინც მასთან წინ და უკან დადის და ამ ტელევიზიის დანგრევას უწყობს ხელს და მთელი ეს შეთქმულება ყველა ჩართული პირით, გამომზეურდება. მე აღარ ვაპირებ დუმილს მასთან დაკავშირებით. " განაცხადა ნიკა გვარამიამ "ღამის მთავარის" ეთერში.
ნიკა გვარამიას თქმით, ოქუაშვილი ღიად გადავიდა მტრულ დამოკიდებულებაზე და ამის ბოლო ხაზი იყო მისი ოჯახის წევრის ხსენება.
მისივე განცხადებით, "მთავარი არხის" წილს, ტელევიზიის კოლექტივს გადასცემს:
"მე პირადად, წილს, რომელიც ჩემი ცოლის სახელზეა გაფორმებული , ვაპირებ, რომ გადავცე კოლექტივს; გადასცეს მანაც. რა ვალიც არსებობს, ეს კომპანია გადაუხდის მას. მისი საკუთრება არაფერი არ არის ამ კომპანიაში, არც მისი დახარჯული ფული არ არსებობს ამ კომპანიაში. არსებობს საგადასახადო ვალდებულება მის წინაშე. გადაუხდის ეს კომპანია მას ამ ფულს და წავიდეს. მისცეს კოლექტივს თავის წილი, მეც მივცემ და სხვა დამფუძნებლებსაც მოვუწოდებ, რომ მისცენ." - ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიას თქმით, "მთავარი არხის" სახელწოდებაც და ლოგოც მისი საკუთრებაა და ოქუაშვილი ამას ვერ გამოიყენებს - "ამ არხს არასდროს არ ერქმევა "მთავარი" და არასდროს არ ექნება ის ლოგო, რომელიც აქვს, თუ აქ არ იქნება ის ხალხი, რომელიც დღეს მუშაობს და არ იქნება ის მენეჯმენტი, რომელიც დღეს ჰყავს არხს. "
რაც შეეხება ახალ კომპანიას, ნიკა გვარამიას თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კომპანიას ჰქონდეს ტექნიკაც, შენობაც და იგივე ხალხით იმუშაოს კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობით, თუმცა ამბობს, რომ არ იქნება არც მესაკუთრე და არც დირექტორი.