არსებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტების, დათო ფუთურიძის და ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს.
ასევე, არსებული ცნობით, ისინი ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. საქმეზე გატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირები დაადგინა და მათ მიმართ მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - უთხრეს "მთავარი არხის" ვებ-გვერდს ოლიგარქის შსს-ში.
ინფორმაცია აქტივისტების შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში მოქალაქე ანი ბედელაძემ გაავრცელა.
"დათო ფუთურიძე აიყვანა დღეს პოლიციამ ვაჟაზე (გზაზე გააჩერეს). 12 საათიდან ვერ უკავშირდებოდნენ. ახლა მის სახლს ჩხრეკს პოლიცია - როგორც ამბობენ, პულვერიზატორებით მოხატვის გამო. ამ დრომდე ვეძებთ დათოს მეგობარს, ნიკოლოზ ლაცაბიძეს, რომელიც ასევე აიყვანეს ქუჩიდან, ორივე იყო მარტო", - წერს ანი ბედელაძე.