სლოვაკეთის პრორუსი პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო უკრაინაში მებრძოლ "ქართულ ლეგიონს" სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
რობერტ ფიცო დღეს სლოვაკეთში მიმდინარე ანტი-სახელისუფლებო პროტესტს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებს "ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი აორგანიზებს.
ფიცოს განცხადებას წინ, მისი მრჩევლის საქართველოში ვიზიტი და არალეგიტიმური მთავრობის წევრებთან შეხვედრა უძღოდა.
ბრალდებებს "ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ ბრალდების სცენარი ФСБ-შია დაწერილი, რადგან ახლა სლოვაკეთიც და საქართველოს კრემლიდან იმართება.
"პარადოქსული ფაქტია, რაც ხდება, მაგრამ ფაქტია. რა არის იცით - საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ ფიცომ გადაწყვიტა, რომ მე დამადანაშაულოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. მანამდე ამას აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება. სცენარი დაწერილია ФСБ-ს სააგენტოში - რუსული სპეცსამსახურების სააგენტოებში.
რაც შეეხება "ქართულ ლეგიონს", ბუნებრივია, რომ ადანაშაულებს, რადგან ის არის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო და ბუნებრივია, რომ იერიშიც სწორედ ჩვენზე მოიტანეს და, მოიტანეს სწორედ იმის შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს დაელაპარაკნენ, იმიტომ რომ სამწუხაროდ სლოვაკეთიც და საქართველოც იმართება დღეს კრემლიდან", - ამბობს მამუკა მამულაშვილი "მთავარ არხთან" საუბარში.
უფრო მეტი ნინო ჟიჟიაშვილის რეპორტაჟში.