ქვეყანაში მიმდინარე საყოველთაო პროტესტის შესაზღუდად ოლიგარქის მთავრობას კანონში მორიგი ცვლილება შეაქვს და დაგეგმილი აქციის წინ, ამჯერად ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზებას ახდენს.
სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა ოლიგარქის მთავრობამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაამტკიცა და მასში ცესკოც შეიყვანა, ავტობანზე დაგეგმილი მასშტაბური პროტესტამდე რამდენიმე დღით ადრე, 31 იანვარს კი ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებიც დაამატეს. ოლიგარქის მთავრობამ მორიგი დადგენილება 31 იანვარს გამოსცა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
სტრატეგიულ და განსაკუთრებულ მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაში სამთავრობო შენობების გარდა ასევე შედის ისეთი ობიექტები, როგორიცაა საქართველოს საპატრიარქო, მაღალი ძაბვის ქვესადგურები, "საქართველოს ტელერადიოცენტრისა" და მაუწყებლების შენობა-ნაგებობა, სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების ყველა სახის ანძა, მეტროპოლიტენი, რკინიგზა და ა.შ.
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხა 2014 წლის ივნისში დამტკიცდა.
შეგახსენებთ, "თბილისი მოლთან" 2 თებერვალს 16:00 საათზე აქციაა დაანონსებული. მოქალაქეები თბილისის შესასვლელისა და გასასვლელის გადაკეტვას გეგმავენ. მოთხოვნები უცვლელია: თავისუფლება სინდისის პატიმრებს; ახალი საპარლამენტო არჩევნები. ორგანიზატორების განცხადებით, რეჟიმმა კიდევ ერთხელ უნდა იგრძნოს, რომ პროტესტი ფართოვდება და მეტად ქმედითი ხდება.