"რეჟიმს ქვეყანა რეპრესიების ახალ ფაზაში შეჰყავს" | TI

გამოქვეყნდა:

ოლიგარქიული რეჟიმის მიერ, დღეს დაწყებულ ახალ რეპრესიულ ტალღას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" სპეციალური განცხადებით ეხმაურება: 

"ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს სამოქალაქო აქტივისტების და სამოქალაქო საზოგადოების ტერორიზაციას. დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფ “დაიტოვე”-ს ორი ლიდერის - ილია ღლონტის და ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილია ღლონტი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ასევე დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე. როგორც ჩანს, რეჟიმს ქვეყანა რეპრესიების ახალ ფაზაში შეჰყავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადების თანახმად, “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა."

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ივანიშვილის სამართალდამცავი ორგანოები უკანონოდ ერჩიან ჯგუფი დაიტოვეს და სხვა აქტივისტური ჯგუფების წევრებს. 2025 წლის დასაწყისში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია ჯგუფი “დაიტოვე”-ს ლიდერების სახლებში 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში ჩატარებული ჩხრეკების უკანონობის შესახებ. მაშინ დე ფაქტო ხელისუფლებამ ჯგუფის ლიდერების დაკავება და მათთვის ბრალდების წარდგენა ვერ გაბედა.

ცხადია, აქტივისტური ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციები განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის ივანიშვილის ხელისუფლებას. ამის მკაფიო მაგალითია მთავრობის სხდომაზე სწრაფ რეჟიმში განხორციელებული ცვლილება სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებით, რაც მას შემდეგ მოხდა, რაც რეჟიმისთვის ცნობილი გახდა, რომ აქტივისტური ჯგუფების მიერ აქცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით დაანონსდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” გმობს უკანონო რეჟიმის მიერ მშვიდობიანი სამოქალაქო აქტივისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანას სხვას არაფერს უქადის, თუ არა კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შესვლას. მოვუწოდებთ ივანიშვილს და რეჟიმის სხვა მესვეურებს, შეწყვიტონ რეპრესიები საკუთარი მოსახლეობის მიმართ, გაათავისუფლონ რეჟიმის მძევლები და გამოაცხადონ ახალი არჩევნები." ნათქვამია "გამჭვირვალობის" განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი