პროტესტი ყველგან | ადამიანები თბილისიდან და რეგიონებიდან, რომლებმაც ბრძოლის ინდივიდუალური და ორიგინალური ფორმა აირჩიეს

გამოქვეყნდა:

53 სინდისის პატიმარი დღეს ივანიშვილის ციხეშია გამოკეტილი. სანამ ისინი ტყვეობაში არიან, ადამიანებისა და იდეების გადასარჩენად ბრძოლა გრძელდება. ამ პროტესტში ყველას თავისი როლი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ადამიანის ხმაც გადამწყვეტია.

33 წლის მურთაზ ჩიქოვანი კომედიური არტისტი დღეს სცენარისტი და სპორტული  ჟურნალისტია. წლებია იუმორისტული ჟანრის ნამუშევრებს აღარ ქმნის, თუმცა მას შემდეგ, რაც არალეგიტიმურმა რეჟიმმა ათობით ადამიანი უკანონო პატიმრად აქცია,  გადაწყვიტა, ივანიშვილის მარიონეტებზე სწორედ სატირული ენით ესაუბრა.

მურთაზს ორი შვილი ჰყავს, 5 წლის ტყუპი გოგოები. სცენარისტი გვიყვება, რომ მისი შვილები აუტისტური სპექტრის მქონე პირების პროგრამებში არიან ჩართული. ეს სერვისები კი დასავლეთისგან ფინანსდება. 28 ნოემბერს ე.წ. პრემიერმა კობახიძემ ევროინტეგრაციის შეჩერება გამოაცხადა და ამით საფრთხის ქვეშ დააყენა დახმარების პაკეტები, რომელთა დონორიც დასავლური ქვეყნებია.

სისტემის მთავარი საყრდენი პროპაგანდაა. ეს მურთაზ ჩიქოვანმა კარგად იცის. სწორედ ამიტომ მეგაფონი მეგობარს დროებით გამოართვა და ახლა სხვა მოქალაქეებამდე სიმართლის მიტანას ცდილობს.  მისი პროტესტი საზოგადოებაში არაერთგვაროვან ემოციებს იწვევს. თუმცა როცა უცხო ადამიანებში თანამოაზრეებს აღმოაჩენს ხვდება, რომ მისი პროტესტი სხვებისთვისაც მოტივაციაა.

თბილისიდან წამოსული ასიათასობით ადამიანის პროტესტის ხმას იზიარებენ რეგიონებშიც. 75 წლის მზისა გაბეშიას ინდივიდუალურმა პროტესტმა სოციალური ქსელი მოიცვა. ის მარტვილის ცენტრში მარტო ზის და რეჟიმის უსამართლობას აპროტესტებს.

მზისა გაბეშია გვიყვება, რომ დედის პროტესტის გამო, მის შვილს მერიაში სამსახურიდან გათავისუფლებითაც დაემუქრნენ. ეს გაფრთხილება მის პროტესტს ვერც შეცვლის და ვერც შეაჩერებს, მაგრამ გულს სტკენს ის ფაქტი, რომ ნაცნობები, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, საჯარო სამსახურებში ისე იპარებიან, რეჟიმის შიშით მისთვის გამარჯობის თქმასაც ვერ ბედავენ.

პენსიონერი გვეუბნება, რომ მისი პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ რუსთაველზე აქციაზე ერთი ადამიანი მაინც იდგება. იქამდე კი ყურადღებით ადევნებს თვალს რა გზავნილები აქვთ ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს.

ყოველ დღე 11-დან 5 საათამდე მარტვილის ცენტრში ყოფნა პენსიონერ მზისა გაბეშიასთვის უკვე ტრადიციად იქცა. იბრძვის იქ, სადაც შეუძლია და ისე, როგორც შეუძლია. მთავარი მოთხოვნა ცხადია მზია ამაღლობელსა და სინდისის პატიმრების თავისუფლებაა.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი შაბათს | 01.02.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი