21 დღეა მზია ამაღლობელი დაკავებულია და ციხეში შიმშილობს, მაგრამ მის ოთახში ანთია შუქი. ჩვენ ვიბრძვით მისთვის და რეჟიმის ყველა პატიმრისთვის - ნათქვამია "ბათუმელების" მანიფესტში, რომელიც ბათუმში, 1-ელ თებერვალს, „ახალი თეატრის“ წარმოდგენაზე წაიკითხეს:
„ჩვენ დღეს აქ არ უნდა ვიყოთ, მაგრამ აქ ვართ, რადგან წარმოვადგენთ გამოცემა „ბათუმელებს“, რომელიც მზია ამაღლობელმა დააარსა.
ბათუმში, ამ ადგილიდან ორიოდე კვარტლის დაშორებით „ბათუმელების“ რედაქციაა. დღეს ამ რედაქციის აივანზე დიდი ბანერია გადმოფენილი, რომელზეც წერია – „თავისუფლება მზიას“.
ვერასდროს წარმოგვედგინა, რომ ამ მოთხოვნის გაჟღერება მოგვიწევდა, ვერ წარმოგვედგინა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი და თავისუფალი სიტყვის დევნა მიაღწევდა იმ ზღვარს, როცა „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტ და მედიამენეჯერ მზია ამაღლობელს დააკავებდნენ და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა დაემუქრებოდა.
რა შეუძლია უსამართლოდ დატყვევებულ ადამიანს?! უსამართლოდ დატყვევებულ ადამიანს რა შეუძლია?!
მზია ამაღლობელი 21 დღეა შიმშილობს. ესაა მზია ამაღლობელის, რეჟიმის მიერ დატყვევებული ჟურნალისტი ქალის უხმო მანიფესტი.
მზია ამაღლობელი ოთხ კედელშია გამოკეტილი, მაგრამ მისი ხმა უსიტყვოდაც ისმის ისე ხმამაღლა, რომ ყველას სწვდება.
სწორედ ამიტომ, მზია ოთხ კედელშიც კი უფრო თავისუფალია, ვიდრე ამ რეჟიმის ნებისმიერი მსახური და შემგუებელი, რომელსაც შეუძლია, მაგრამ არ ლაპარაკობს.
მზია ამაღლობელი არის ქალი, რომელმაც 24 წლის წინ, ამ ქალაქში, სადაც მაშინ ასლან აბაშიძე მართავდა ყველაფერს და სუნთქვა ჭირდა, განიზრახა შეუძლებელი – დაეარსებინა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი გაზეთი, რომელიც გახდებოდა ათასობით, ათი ათასობით ადამიანის ხმა და ეს ხმა გააძლიერებდა დემოკრატიას, ეს იქნებოდა ხმა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.
მზია ამაღლობელი მაშინ 26 წლის იყო. ის იყო მაღალმთიანი აჭარის სოფლიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა აბსოლუტური რწმენა, რომ ავტორიტარიზმისა და დიქტატურის დამარცხება შესაძლებელია თავისუფალი სიტყვით, სიტყვით, რომელიც შუქს ჰგავს. შუქი, ერთი პატარა სანთელიც კი, წყვდიადს ანათებს.
სწორედ ასეთ სანთელს ჰგავდა მაშინ „ბათუმელები“, ერთ, პატარა ოთახში გახსნილი გაზეთის რედაქცია, სადაც მხოლოდ ერთი ძველი კომპიუტერი იდგა, მაგრამ „ბათუმელებს“ ჰქონდა ის, რაც აშინებს ყველა რეჟიმს – უზარმაზარი ენთუზიაზმი და თავისუფალი სიტყვისა და სამართლიანობის რწმენა.
„ბათუმელების“ პირველი ნომერი 2001 წლის 26 მაისს გამოვიდა. ეს თარიღი არ ყოფილა შემთხვევითი, ეს იყო განაცხადი, თუ რა მნიშვნელოვანი იყო საქართველოს და სიტყვის თავისუფლება „ბათუმელებისთვის“.
მზია ამაღლობელმა ერთხელ უკვე შეძლო შეუძლებელი.
რეჟიმის პირობებში მან დააარსა გაზეთი და პატარა რედაქცია აქცია გავლენიან გამოცემად, რომელსაც არ შეუცვლია დამფუძნებელი, არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის პროპაგანდის იარაღი და მუდამ რჩებოდა და რჩება ადგილად, საიდანაც ყველა ჩაგრულ ადამიანს შეუძლია ხმა მიაწვდინოს ქვეყანას.
მზია ამაღლობელის მიერ დაარსებულ „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ არასდროს არ შეშინებია, არასდროს არ დაუხევია უკან სისტემისგან დაჩაგრული არც ერთი ადამიანის, არც ერთი ჯგუფის გაშუქებაზე.
„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ წერდა ყველაფერზე:
წერდა, როგორ დევნიდა და ავიწროებდა სისტემა ადამიანებს:
წერდა კორუფციასა და ნეპოტიმზე;
წერდა ომის დროს ცემით მოკლულ ჯარისკაცზე;
წერდა სიღარიბისგან სასოწარკვეთილ ადამიანებზე, პოლიტიკურ დევნილებზე, უსამართლოდ დაპატიმრებულ სტუდენტებზე, განათლების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე, ბათუმსა და თბილისში ისტორიული შენობების ნგრევაზე…
ვიყავით და ვართ ყველგან, სადაც ვჭირდებით ადამიანებს, სადაც ვჭირდებით მათ, ვისი ხმაც არ ისმის, ვის ხმასაც სისტემა ახშობს.
ეს არ იყო იოლი.
ეს არ იყო არასდროს იოლი.
„ბათუმელები“ და შემდგომში „ნეტგაზეთი“, ყოველთვის იყო ხელისუფლებების სამიზნე.
ყველა ხელისუფლების.
ჩვენს გამოცემას გადაუტანია ფიზიკური დევნა, ზეწოლა, მაგრამ არასდროს დაუხევია უკან, არასდროს უთქვამს უარი გაევრცელებინა თავისუფალი სიტყვა.
ჩვენ ახლა ევროპის მოედანზე ვართ. ამ ადგილიდან ზუსტად ორი კვარტლის მოშორებით „ბათუმელების“ რედაქციაა, სადაც, მეოთხე სართულზე, საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები ფრიალებს.
აქ, მეოთხე სართულზე, მზია ამაღლობელის სამუშაო ოთახია. ამ ოთახში ხშირად შუაღამემდე ანთია შუქი. ეს შუქი ნიშანია იმის, რომ საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ეკუთვნის და სხვას არავის, თავისუფალი მედია მუშაობს.
სანამ ეს შუქი ანთია, ეს ნიშნავს, რომ გრძელდება ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიისთვის.
21 დღეა მზია ამაღლობელი დაკავებულია და ციხეში შიმშილობს, მაგრამ მის ოთახში ანთია შუქი. ჩვენ ვიბრძვით მისთვის და რეჟიმის ყველა პატიმრისთვის.
დასასრულს, მინდა წაგიკითხოთ მზიას წერილი, რომელიც ჩვენმა რედაქციამ მისი დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიიღო. ესაა მზია ამაღლობელის მანიფესტი და გზავნილი არა მხოლოდ „ბათუმელებისთვის“, არამედ მთელი ქვეყნისთვის.
გიკითხავთ წერილს:
„ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს როგორც დიქტატურა.
არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი.
ვშიმშილობ.
სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა.
ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება.
იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის.
იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში.
იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი.
არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“.
თავისუფლება მზიას!“