ბათუმელ მედროშეს ისტორიული სამშობლოდან დეპორტაცია ემუქრება | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

თემურ ქათამაძე, რომელიც საზოგადოებამ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისას ბათუმელ მედროშედ გაიცნო, მე-17 დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელის მსგავსად თემურ ქათამაძეც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს და შემდეგ უკვე პოლიციის განყოფილებაში სასტიკად გაუსწორდნენ. ბათუმელი მედროშე ჰყვება, რომ მას სხვებთან ერთად სწორედ ირაკლი დგებუაძე ურტყამდა და აგინებდა.

თურქეთში დაბადებულ-გაზრდილი ჯაფარ ილმაზი, იგივე თემურ ქათამაძე, რომელმაც 6 წლამდე ქართულის გარდა, სხვა ენა არ იცოდა, ისტორიულ სამშობლოში პირველად 22 წლის ასაკში მოხვდა. როდესაც დამოუკიდებელი საქართველო იბადებოდა, მაგრამ ვიზებს ისევ საბჭოთა საკონსულო გასცემდა. თემურ ქათამაძე საქართველოში საბოლოოდ 2012 წელს გადმოსახლდა და მოქალაქეობის განაცხადი შეიტანა.

თემურ ქათამაძე თურქეთის მოქალაქეა და წლების განმავლობაში იქ მცხოვრები ქართველების უფლებებისთვის იბრძოდა. ის საქართველოში 12 წელია ცხოვრობს და მთელი ამ დროის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა საქართველოს მოქალაქეობა მიეღო, ახლა კი ისტორიული სამშობლოდან დეპორტაციაც ემუქრება.

ბათუმელ მედროშეს უახლოეს დღეებში ორი სააპელაციო პროცესი აქვს, მოქალაქეობის მიღებასთან და დევნილის სტატუსის მოსაპოვებლად, ახლო მომავალში კიდევ ერთი პროცესი დაემატება, სადაც მისი დეპორტაციის საკითხი უნდა გადაწყდეს.

ივანიშვილის პატიმარი წერილებს ციხიდან თავის მეგობრებს ატანს. ისინი კი მის ფეისბუქზე აქვეყნებენ. ასე მოჰყვა პოლიტპატიმარმა ქათამაძემ თავისი ორი დაკავების, ვერმიღებული მოქალაქეობის, უღიარებელი ლტოლვილობისა და პოლიციელთა მიერ ფულის გამოძალვის ამბები.

ხვალ დილით ქუთაისში ბათუმელი მედროშის მორიგი პროცესი ჩატარდება. თემურ ქათამაძის თქმით, ის მზადაა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გააგრძელოს.

"როგორც ბათუმის აქციის მედროშე, ავიღო უნდა ჩემი დროშა. როგორც ცხრა ძმა ხერხეულიძე. ჩემს შემდეგ იქნება ლაშა და მრავალი სხვა. მე მზად ვარ, საქართველოს ევროპული მომავლისთვის თავი გავწირო!" - ნათქვამია თემურ ქათამაძის წერილში, რომელიც მან "პოსტფაქტუმს" გამოუგზავნა.

 

 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი