გდდ-ის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზაშვილი, იგივე ხარება, რომელიც ოლიგარქის ხელისუფლებამ სულ ცოტა ხნის წინ ღირსების ორდენით დააჯილდოვა, საჯაროდ, მეგაფონის გამოყენებით გუშინდელ აქციაზე იგინებოდა.
კერძოდ, მაგისტრალზე მიმდინარე აქციაზე ხარება ხალხს, ავტომობილიდან ხმის გამაძლიერებლით აგინებდა. გინების შემდეგ კი, როდესაც მისი რაზმი ძალადობასა და ხალხის ანგარიშსწორებაზე გადავიდა, უთითებდა - სად უნდა ეცემათ და სად არა, აფრთხილებდა რომ ძალადობისას ტელეკამერებს მორიდებოდნენ.
მას შემდეგ, რაც ათობით მოქალაქეს მისი დაჯგუფება ფიზიკურად გაუსწორდა, ერთ-ერთი მოქალაქე თავად ხარებასთანაც მიიყვანეს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს თავადაც ეძალადა. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს წიხლს მომიტინგეს ე.წ ხარება. იმის მიუხედავად, რომ რეაგირების მოლოდინი არ აქვთ, არასამთავრობოები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასა და უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ.
ხარებას ძალადობრივ კვალს მიყვებიან მისი რაზმის წევრებიც, სპეცდანაყოფები გუშინ მაგისტრალზე არავის ინდობდნენ. პოლიციელებს, რომელთა შეიარაღებაც განსაზღვრულია, საპოლიციო ღონისძიებების დროს დანებიც დააქვთ. ეს ფაქტიც აქციის მონაწილეებმა, გუშინ მაგისტრალზე მიმდინარე პროტესტის დროს დააფიქსირეს. ფოტომასალაში, რომელსაც მოქალაქე ავრცელებს, ჩანს, როგორ წერს გლდანის მე-7 სამმართველოს დეტექტივი, ზაზა მაყაშვილი, კოლეგას, რომ დანა დამალოს, რათა შენიშვნა არ მიიღოს.
უფრო მეტი ნახეთ დეა მამისეიშვილის რეპორტაჟში.