ოლიგარქიული რეჟიმი რეპრესიებს აძლიერებს და ამ მიზნით დაჩქარებული წესით განიხილავს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც გამოხატვის უფლებებს კიდევ უფრო ზღუდავს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ რეპრესიული ცვლილებების ფარგლებში: მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება იკრძალება; ასევე წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცველის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, შეურაცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელის ბლოკირებისთვის და მსგავსი დარღვევებისთვის გაიზრდება ჯარიმები და პატიმრობის ვადა 60 დღემდე.
გარდა ამისა, ოლიგარქის პარლამენტი გეგმავს ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახადოს სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო სამსახურის მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა.
უფრო კონკრეტულად, ცვლილება ეხება წვრილმანი ხულიგნობის მუხლს - ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა განისაზღვრება 500-დან 3 000 ლარამდე ან დამრღვევს 20 დღემდე პატიმრობას მიუსჯიან. ამ დროისთვის მოქმედი კანონით, დამრღვევს უწევს 500- დან 1000 ლარამდე ჯარიმის გადახდა ან 15 დღემდე პატიმრობა.
ვანდალიზმი - ვანდალიზმისთვის სახდელდადებული პირის მიერ ხელმეორედ ვანდალიზმის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე. მოქმედი კანონი 2000-ლარიან ჯარიმას ან 5 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სამართალდამცველის დაუმორჩილებლობის/შეურაცხყოფის მუხლი - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა/სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. მოქმედ კანონში განსაზღვრულია 3000 ლარამდე ჯარიმა და 15 დღემდე პატიმრობა.
სამართალდამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
რაც შეეხება ახალ მუხლს, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას ეხება, მისი დაღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით. ამ დარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.
რეპრესიების ფარგლებში, ცვლილება ეხება შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევასაც - შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500-ის ნაცვლად 2 000 ლარის ოდენობით. ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე.
ასევე, სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე. ამ დროისთვის მოქმედ კანონში მხოლოდ 15 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
ადმინისტრაციული შენობების, გზების და მაგისტრალების ბლოკირების ან შეკრებებზე ძალადობისკენ მოწოდების, აკრძალული ნივთების ქონის, გზის გადაკეტვის შემთხვევაში გათვალისწინებულია დაჯარიმება 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 15 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. მოქმედ კანონში გათვალისწინებულია 5 000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა.