4 თებერვალს პარლამენტის შენობაში, სადაც ოლიგარქის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი "ქართული ოცნების" დე ფაქტო დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარდგება, უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტორებს პარლამენტის შენობაში შესვლა ეზღუდებათ. მათ შორის, შესვლა ონლაინმედიასაც ეზღუდება.
"დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - ნათქვამია განცხადებაში.
ხვალ, "ქართული ოცნების" პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. პარალელურად, 11:00 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.