
არალეგიტიმურ პარლამენტში, ოლიგარქის დეპუტატებმა დე ფაქტო პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს მოუსმინეს.
"ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩვენ ქართველები, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად წარმოუდგენელია ვიყოთ ერთმანეთის მტრები. ჩვენ, გვაქვს ერთი ენა, ერთი კულტურა, ერთი ისტორია, ერთი სამშობლო, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება. თუკი ჩვენ ეს ყველაფერი გვაერთიანებს, როგორ შეიძლება სხვა დანარჩენ საკითხებში, განსხვავებული შეხედულებების გამო, უარი ვთქვათ ერთმანეთზე და ერთმანეთთან საუბარზე. დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი, აუცილებლად უშვებს რომ სადღაც, შეიძლება ცდებოდეს, ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი შეცდომის აღიარება, სიმართლისთვის თვალის გასწორება. ჩვენ განსხვავებულობის მიუხედავად მოგვიწევს გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება, ამიტომ, უნდა შევძლოთ რეალობისთვის თვალის გასწორება და დიალოგი. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაჯობოთ სიბრაზეს საკუთარ თავში, მოვახერხოთ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს", - თქვა ყაველაშვილმა.
დღეს, არალეგიტიმურმა პარლამენტმა საგაზაფხულო სესია გახსნა. ოლიგარქის დეპუტატების წინაშე მოხსენებით დე ფაქტო პრეზიდენტი წარდგა. ამის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილენი ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვენ. ადგილზე ხმაურიც იყო. არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს . ივანიშვილის დეპუტატების უსაფრთხოებისთვის, შავნიღბიანებიც არიან მობილიზებული.