"მადლობა თითოეულ პოლიციელს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას" | ყაველაშვილი

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, "ქართული ოცნების" დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ოლიგარქის პოლიციას "მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ქვეყანაში წესრიგის დაცვისთვის" მადლობა გადაუხადა.

"ქვეყნის სამსახურში დაუღალავად ყოფნისთვის, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის ძალებს, უკლებლივ ყველა ჯარისკაცს, ასე ღირსებით და ამაყად რომ ატარებენ სამხედრო ფორმას, თითოეულ პოლიციელს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ იცავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და წესრიგს ქვეყანაში; მადლობა მეხანძრე-მაშველებს თავდაუზოგავი შრომისთვის; დიდი მადლობა ღირსეულ, პატრიოტ საჯარო მოხელეებს, რომლებიც პატიოსნად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და უზრუნველყოფენ სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებას; მადლობა ექიმებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად...

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინ საკუთარ საქმეს თავდაუზოგავად ასრულებს და თავის წილ პატარა აგურს დებს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში", - თქვა ყაველაშვილმა ოლიგარქის პარლამენტში.

2 თვეზე მეტია ქვეყანაში პროევროპული, მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. "ქართული ოცნების" ოლიგარქიულმა რეჟიმმა მშვიდობიანი დემონსტრანტები არაერთხელ დაარბია და აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების შეფასებით ოლიგარქის ძალოვნებმა მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ძალადობრივმა ქმედებებმა კრიტიკა ბევრჯერ დაიმსახურა. ხანგრძლივი პროტესტის დროს დააკავეს არაერთი ადამიანი, მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც - 49 ადამიანს სისხლის სამართლის სასჯელი ემუქრება. დაკავებულების დიდი ნაწილი დაკავების დროს და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, ოლიგარქის პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი