მზია ამაღლობელის ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტს კლინიკაში დარჩენა არ სურს და პენიტენციურ დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ჯერჯერობით უცნობია როდის გადაიყვანენ მზია ამაღლობელს, რადგან მას დღეს განმეორებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს.
"შევხვდი ექიმებს, აღნიშნული საავადმყოფოს წარმომადგენლებს და როგორც მითხრეს, რაღაც განსაკუთრებული პრობლემები ჯერჯერობით ანალიზებში არ არის. გადმომეცა დოკუმენტაცია და გადავამოწმებთ სხვა ექიმებთანაც. ასევე, დღეს უნდა ჩაუტარდეს სხვადასხვა კვლევები და უფრო მეტი ინფორმაცია შემდგომში გვექნება.
გამხდარი არის, 25-ე დღეა ადამიანი შიმშილობს, მხოლოდ წყალზეა, წონის კლება აქვს, არის შენელებული, შესუსტებული, მაგრამ თვითონაც ყოველთვის იმას ითხოვს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყოს წინა პლანზე და ამაზე არავინ ილაპარაკოს. თვითონ მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში, დარჩენა აქ არ უნდა. მაგრამ, როგორც ბატონმა ზურაბმა მომაწოდა ინფორმაცია, დღეს კიდევ განმეორებითი კვლევები უნდა ჩატარდეს და შემდგომში გადაწყვეტენ როდის გადაიყვანენ", - თქვა ადვოკატმა.
მზია ამაღლობელი გუშინ, 4 თებერვალს საღამოს საათებში კლინიკა "ვივა მედში" გადაიყვანეს.