ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესზე ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დისტანციურად დაკითხვას ეხმაურება და ამბობს, რომ მომხდარს "გაუგებარს" უწოდებს.
კერძოდ, დახურულ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან მოწმის სახით დაიკითხა პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი - გაუგებარია, მმართველი ძალის ისეთი გავლენიანი წარმომადგენელი, რომელიც რეალურად მართავს ძალოვან უწყებებს, რატომ შეიძლება ვერ გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში.
"ამასთან, წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა მოწმის დისტანციურად, ტექნიკური საშუალებით გამოყენებით, დაკითხვის შესახებ. საჯარო სხდომაზე გაჟღერებული შუამდგომლობით, პროკურორი ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ბიძინა ივანიშვილის დისტანციურად დაკითხვას ითხოვდა მისი ასაკის, სხდომის სავარაუდო ხანგრძლივობასა და უსაფრთხოების საკითხებზე აპელირებით, თუმცა საჯარო სხდომაზე მისი მიერ არ გაჟღერებულა, რა საფრთხეებთან იყო დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადება. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებულ სასამართლოში სხვადასხვა სტატუსით არაერთხელ ყოფილან წარმოდგენილი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეები, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, თუმცა არც ერთხელ არ გაჟღერებულა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში არ იქნა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება.
ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ხსენებული პირი გადაადგილდება პირადი დაცვის თანხლებით, მონაწილეობას იღებს არაერთ პარტიულ შეკრებაში, მათ შორის, საჯარო სივრცეშიც, და, როგორც სასამართლო სხდომაზე გაჟღერდა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახითაც გამოიკითხა საქართველოს პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში.
ამასთან გაუგებარია, მმართველი ძალის ისეთი გავლენიანი წარმომადგენელი, რომელიც რეალურად მართავს ძალოვან უწყებებს, რატომ შეიძლება ვერ გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში", - წერია განცხადებაში.