საერთაშორისო ტრეფიკინგის, სავარაუდო, სქემა საქართველოში - უცხოური მედიის ინფორმაციით, თბილისის ცენტრში, სასტუმროში, ჩინეთის მოქალაქეებს გამოკეტილი ჰყავთ ტაილანდელი ქალები, რომლებიც იძულებით ჩართული არიან არალეგალური სუროგაციის ქსელში.
კერძოდ, ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალებს აიძულებენ ჩააბარონ კვერცხუჯრედები, ქსელიდან გასვლის შემთხვევაში კი გამოსასყიდს ითხოვენ. ირკვევა, რომ ტაილანდის მოქალაქე 100-მდე ქალები საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს ჩინეთის მოქალაქეებმა და ისინი თვეების განმავლობაში დატყვევებული ჰყავთ. სქემის შესახებ ჟურნალისტებს სამშობლოში დაბრუნებულმა რამდენიმე მსხვერპლმა მოუყვა.
"მთავარ არხს" სუროგაციის ცენტრის არსებობას ადგილზე მცხოვრებლებიც უდასტურებენ. მეზობლები ამბობენ, რომ ხშირად ხედავენ აზიური გარეგნობის ქალებს - როგორც ორსულებს, ისე ბავშვიანებს. ცენტრის არსებობას ადასტურებენ თავად სასტუმროში მცხოვრებლებიც, თუმცა ტრეფიკინგის ფაქტს უარყოფენ.
"ამ შენობაში არის სუროგაციის ცენტრი და ჩვენც აქ ვცხოვრობთ. ზუსტად არ ვიცი რამდენი გოგო არის ამ სასტუმროში - დაახლოებით 20 გოგოა. რაც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია არის ტყუილი. ჩვენ არავისთვის არაფერი დაგვიძალებია, თვითონ უნდათ სუროგაცია. რამდენიმე გოგომ აიღო თანხა და როგორც კი აიღეს, გაიქცნენ ტაილანდში. ჩვენ შევატყობინეთ პოლიციას", - თქვა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც ხსენებულ სასტუმროში ცხოვრობს.
ფაქტზე დაწყებულია გამოძება - შსს-ს ცნობით, გამოიკითხა 70-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ამასთან, "მთავარ არხს" რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ჟურნალისტური გამოძიება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ სასულიერო პირის კუთვნილ სახლში იმყოფებოდნენ უცხოეთის მოქალაქე ქალები, რომლებიც სუროგაციის ქსელში იყვნენ ჩართულები.