იაპონური ინტერნეტგამოცემა Shūkan Bunshun ინფორმაციას და ფოტომასალას ავრცელებს უტა ივანიშვილსა და იაპონიაში საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ. თეიმურაზ ლეჟავასთან შეხვედრის ამსახველ ფოტოზე პრორუსი ოლიგარქის შვილის სახე დაფარულია, შეხვედრა კი გამოცემის ინფორმაციით რესტორანში შედგა.
Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ - "აქ არ გაეხსნა, იმედი მაქვს გამოგადგება".
იაპონური ინტერნეტ გამოცემა წერს იმასაც, რომ ივანიშვილმა ტოკიოს ცენტრში ბინა 3.5 მლნ დოლარად შეიძინა. ჟურნალისტებმა სცადეს უტა ივანიშვილთან შეკითხვების დასმა, თუ რას საქმიანობს ის იაპონიაში.
ვიდეოკადრებში ივანიშვილის სახე ასევე დაფარულია. გამოცემის თქმით მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტოკიოში ვიდეო თამაშების სტარტაპითაა დაკავებული. ინტერნეტ გამოცემა წერს, რომ პრორუსი ოლიგარქის უფროსმა შვილმა ტოკიოში 3.5 მლნ დოლარად ბინა შეიძინა, და არ გამორიცხავენ, რომ მამის მსგავსად ისიც დაასანქცირონ.
ოლიგარქის ვაჟთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, დიპლომატი სოციალურ ქსელში "იუმორით" გამოეხმაურა - "მეგონა გაზაფხულის პირველი ნიავი იყო, მაგრამ ბუნშუნის [ინტერნეტგამოცემის სახელწოდება] ტყვია აღმოჩნდა"- წერს ლეჟავა.
იაპონური გამოცემის – Weekly Bunshun Online Edition-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით "პროპუტინისტი დიქტატორის უფროსი ვაჟი ტოკიოში შენიშნეს!" - უცვლელად თარგმნა სტუდია მონიტორმა.
"ტოკიოში, შინჯუკუს ერთ-ერთ რესტორნის კუთხეში, ორი მამაკაცი ერთმანეთის პირისპირ იჯდა და საუბრობდა. თბილი განათებით გაჯერებული, ხალხმრავალი ეს მაღაზია ერთადერთი ადგილი იყო, სადაც განსხვავებულ ენაზე საუბრობენ, ვიდრე მიმდებარე ტერიტორიებზე. მამაკაცთაგან ერთი მაღალი ხარისხის პიჯაკში დახვეწილად იყო შემოსილი, მეორე კი – ტყავის ქურთუკსა და სპორტულ შარვალში. მას ჰქონდა წვერი, თუმცა დიდი თვალები მას ბავშვურ იერს სძენდა.
ერთსაათიანი საუბრის შემდეგ, სპორტულად ჩაცმული მამაკაცი წამოდგა და მეორე პიროვნებას მიმართა:
“მადლობა!”
ორივე მამაკაცი ქართულ ენაზე საუბრობდა. დამშვიდობების შემდეგ, პიჯაკში ჩაცმულმა მამაკაცმა მას დიდი შავი ჩანთა გადასცა და ქართულად უთხრა:
“აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება.”
სპორტულ სამოსში ჩაცმულმა მამაკაცმა ჩანთა აიღო და რესტორანი დატოვა, პიჯაკიანი პიროვნება კი მას უყურებდა.
პიჯაკში ჩაცმული კაცი გახლდათ საქართველოს ელჩი იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა, ხოლო პიროვნება, რომლის ვინაობაც უცნობი იყო, აღმოჩნდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი." წერს იაპონური მედია