“მოგესალმებით, ქალბატონო მზია. გამძლეობას, მხნეობასა და თავისუფლებას გისურვებთ პირველ რიგში! მე მესმის თქვენი ბრძოლისა და თავგანწირვის. მესმის და ვაფასებ. თუმცა არ ესმით ქოცებს. მათთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, არც იდეისთვისა თუ სამშობლოსთვის თავგანწირვას.
ქალბატონო მზია, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყანას საკმარისად ჰყავს დაღუპული გმირები… ცოცხალი გმირები გვჭირდება! მესმის თქვენი პრინციპულობა და ვაფასებ. თქვენმა შიმშილმა მიაღწია მიზანს. თქვენი სიცოცხლის სასწორზე დადებამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და თქვენი სიცოცხლე საქართველოს სიცოცხლის სინონიმად იქცა. ხოდა გთხოვთ, ნუ მოკლავთ მას…
ამიერიდან შიმშილს მხოლოდ ფატალური შედეგი მოჰყვება. ალბათ, ფიქრობთ - “ზვარაკად ყოფილა ეს მსხვერპლი”, მაგრამ დღეს ცოცხალი მზია ამაღლობელი უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს სამშობლოს, ვიდრე ზვარაკად შეწირული. ჩვენი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, რომ შეწყვიტოთ შიმშილობა. სადაც საჭირო იქნება ზვარაკი, ვართ საამისო შვილებიც.
მესმის, რომ გაცილებით რთულია იცოცხლო სამშობლოსთვის, ვიდრე სიცოცხლე შესწირო მას, მაგრამ მე თავგანწირვასა და ზვარაკზე უფრო რთულ გზას გთხოვთ… იცოცხლეთ საქართველოსთვის! პატივისცემით, თქვენი თანამებრძოლი”.
რეჟიმის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე ასევე რეჟიმის მიერ დაპატიმრებულ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს წერილით მიმართავს და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. წერილი 2 თებერვლით არის დათარიღებული.