"თავისუფლება მზიას", "თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - ამ მოთხოვნით, კანცელარიასთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მედიის წარმომადგენლები ოლიგარქიული რეჟიმის რეპრესიებს აპროტესტებენ და მხარდაჭერას უცხადებენ კოლეგას- მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე 27 დღეა შიმშილობს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო , პენიტენციური დაწესებულებიდან "ვივა მედის" კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
მედიის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ისინი არ ითხოვენ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას იმიტომ, რომ ის ჟურნალისტია, არამედ იმიტომ, რომ მისი ბრალდება უსამართლოა.
მზია ამაღლობელთან ამ წუთებში სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფი იმყოფება. კონსილიუმის წევრები დეტალურ განცხადებას "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სავარაუდოდ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებენ.