"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი „ვივა მედში“ სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა მოინახულა. კონსილიუმის რეკომენდაციაა, რომ მზია ამაღლობელზე უწყვეტი მონიტორინგი კლინიკაში გაგრძელდეს.
როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, გასტროენტეროლოგმა გიორგი გვილიამ განაცხადა, სისუსტის მიუხედავად მზია თავს უკეთ გრძნობს, ვიდრე კლინიკაში გადმოყვანამდე, თუმცა ამ მდგომარეობას აქვს საზღვარი:
"მდგომარეობა დასაფიქრებელია, არ არის მარტივი. მოგეხსენებათ შიმშილობის უკვე მერამდენე დღეა. როგორც გავეცანი დოკუმენტებს და ისტორიას, უფრო მძიმედ იყო კლინიკაში გადმოყვანამდე. კლინიკაში ნამდვილად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, ყველა საჭირო გამოკვლევა, რომ შიმშილობამ არ გამოიწვიოს მალე მძიმე შედეგები.
მეტყველებს ჩვეულებრივად, მართალია სვენებ-სვენებით, ცოტა შენელებულად, მზია საკმაოდ ნიჭიერი და განათლებული ქალია და ალბათ ცოტა ცოცხალი მეტყველება ექნებოდა ადრე. გადაადგილება პალატაში შეუძლია ნელა. გულში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ფილტვში, ღვიძლში, ყველაფრის უკმარისობა და მწყობრიდან გამოსვლა შეიძლება მოხდეს თანდათანობით. ამიტომ მე და ჩემს კოლეგებს მიგვაჩნია, რომ პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ პაციენტი აგრძელებს შიმშილობას, იგი უნდა დარჩეს კლინიკაში და აქ გაგრძელდეს მისი მკურნალობა. ოღონდ, ისევ ვიმეორებ, ადეკვატური მკურნალობის პირობებშიც რაღაც დროის შემდეგ, ვითარდება ისეთი ცვლილებები, რომ მერე თუნდაც ძალიან მაღალი დონის სამედიცინო ჩარევით ვერ მოხერხდება პაციენტის გადარჩენა" - აღნიშნა გიორგი გვილიამ.
ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე ამბობს, რომ შიმშილობის დროს, გულ-სისხლძარღვთა სისტემიდან გამომდინარე როდის, რომელი გართულება შეიძლება მოხდეს, არავინ იცის, შესაბამისად აუცილებელია, რომ მზია კლინიკაში დარჩეს:
"უნდა აუცილებლად საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნება, რაც მიზანშეწონილი არ არის...მე ბოდიში მოვუხადე და ვთხოვე, შიმშილი შეწყვიტოს. არ შეწყვეტს შიმშილს, ეს გასაგებია, მაგრამ თუ შიმშილს არ შეწყვეტს, მაშინ უნდა იყოს ამ დაწესებულებაში, კონტროლის ქვეშ იმიტომ, რომ ექიმები მოასწრებენ რეაგირებას შეუნარჩუნოთ არამარტო სიცოცხლე, არამედ მომავალში ინვალიდი არ გაგვიხდეს. ვთხოვეთ, რომ რამდენიმე დღე მაინც დაგვიჯეროს ექიმებს და დარჩეს, რომ შევსება მოხდეს ორგანიზმის." აღნიშნა ელენე გიორგაძემ.
ექიმთა კონსილიუმი, რომელმაც რეჟიმის პატიმარი მზია ამაღლობელი მოინახულა, ოთხ მედიკოსს აერთიანებს: გასტროენტეროლოგს, ნევროლოგს, ენდოკრინოლოგსა და ოფთალმოლოგს.