"მიზეზი განცხადებაზე ხელის მოწერა გახდა " | ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელი ერეკლე თურმანიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელი ერეკლე თურმანიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და მიზეზად მის მიერ ევროპული მომავლის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელის მოწერას ასახელებს.

"განაჩენი" გამოტანილია. გუშინ, სამუშაო საათების შემდეგ, მეცნობა, რომ გუშინწინ ჩემი ბოლო სამუშაო დღე ყოფილა.

ძალიან ბევრია სათქმელი. ძალიან ბევრი ემოცია და სიტყვები ტრიალებს გონებაში, თუმცა, ვცდილობ რამენაირად შევძლო და მოკლედ გადმოვცე სათქმელი.

იუსტიციის სახლი - ეს არის უნიკალური ქართული პროდუქტი, რომელიც დედამიწაზე მხოლოდ საქართველომ შეძლო და რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, დემონი სსრკ-ს განდევნაში და ვიზალიბერალიზაციის საქმეში, რომლის შედეგადაც, თითოეულმა ჩვენგანმა შევძელით და ვნახეთ მშვენიერი გარესამყარო.

ჩვენ ვიზრდებოდით იმ გარემოში, სადაც მნიშვნელოვანი იყო კომპეტენცია, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, თავისუფალი აზრი, სამართლიანობა, ჯანსაღი კამათი და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ, არავის გავუფრთხილებივართ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ზემოჩამოთვლილი უნარები, ჩემი და ჩემი მეგობრების სამაგალითოდ დასჯის საფუძვლი გახდებოდა.

იუსტიციის სახლთან ჩემი კავშირი დაიწყო სტაჟირებით. მისი დაარსების დღიდან, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების, 13 წლის განმავლობაში, მუხლჩაუხრელი შრომის შდეგად, შევძელი არაერთ ჩემთვის საინტერესო პოზიციაზე დაწინაურება და ბოლოს დავინიშნე ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერად.

ამ დროის განმავლობაში, სხვადასხვა ხელმძღვანელისგან მიღებული მაქვს არაერთი სიგელი, ჯილდო, საუკეთესო მენეჯერის/ფილიალის წოდება და ყველაზე დიდი საჩუქარი - ძალიან ბევრი ადამიანის პატივისცემა და სიყვარული. ალბათ ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელია პროფესიონალიზმის, თავდაუზოგავი შრომისა და ადამიანურობის გარეშე.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ერთადერთი რამ, განცხადებაზე ხელის მოწერა გახდა იუსტიციის სახლის კიდევ ერთი, ერთგული თანამშრომლის სისტემიდან მოშორების მიზეზი. განცხადებაზე, რომელიც კონსტიტუციის ერთგულებასა და ევროპულ მომავალზე უარის თქმის შესახებ, მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას ეხებოდა.

რა თქმა უნდა, პირადი ემოციების მიღმა უფრო მტკივნეული იმის ყურებაა, თუ როგორ აცლიან იუსტიციის სახლის სისტემას ყველაზე მნიშვნელოვანს - კომპეტენციას, თავისუფლებასა და წლებით ნაგროვებ თავდაჯერებას; როგორ თესავენ შიშს ყველაზე გაბედულ ორგანიზაციაში, რომელიც არასდროს (მათ შორის, პანდემიის დროსაც) შეშინებია გამოწვევებს და გაუჩერებლად, პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნის სადარაჯოს წინა ხაზზე იდგა. მტკივნეულია იმის ყურება, ნელ-ნელა როგორ ანგრევენ ჩვენი ქვეყნის მთავარ სავიზიტო ბარათს დანარჩენ დედამიწაზე.

იუსტიციელებო - თქვენ ხართ გმირები და ძალიან დიდი ძალა, რომელსაც ვერაფერი დაამარცხებს თუ მტკიცეთ დადგებით იუსტიციის სახლისა და ერთმანეთის დასაცავად. დღეს თუ არა ხვალ ყველას მოგაკითხავენ, თქვენ ვეღარასოდეს დააფიქსირებთ პირად აზრსა თუ უკმაყოფილებას, ნუ შეეგუებით უსამართლობას!

ყოფილი იუსტიციელი არ არსებობს! მე ვარ თავისუფალი. დიახ, მე ვარ იუსტიციის სახლი. - წერს ერეკლე თურმანიძე.

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი